დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია – სებ

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის დეკემბრის თვის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ.
ამის საპირისპიროდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოსა და 0%-2%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, ნოემბერთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.
ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებსა და 4%- 6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში დაკლებულია.
კერძოდ, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-თან ახლოს და 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ.
მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით დაკლებულია.