დეკანოზი თამაზ ლომიძე: “ძალიან ძლიერი წმინდანიაო” ისე ამბობენ ხოლმე, თითქოს ჯადოქარზე ან მოჭიდავეზე საუბრობენ

დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,ჯერ ერთი: სასწაული თუ ხდება სადმე, მას ღმერთი ახდენს და არა წმინდანი. ამიტომ, ღმერთს უნდა უთხრათ მადლობა და არა ადამიანს. “…ძალიან ძლიერი წმინო” ისე ამბობენ ხოლმე, თითქოს ჯადოქარზე ან მოჭიდავეზე საუბრობენ. ძლიერი მხოლოდ ღმერთია და წმინდანებსაც მათ უძლურებაში აძლიერებდა ღმერთი (2 კორ. 12,9). მეორე: არც მხოლოდ სასწაულმოქმედება, არც გულთმისნობა, არც წინასწარ რაიმეს გამოცნობა, არც დევნილობაში ცხოვრება და არც წამებით სიკვდილი, არ არის წმინდანობისთვის დამაკმაყოფილებელი პირობა. მთავარია რისთვის იცხოვრა ადამიანმა. ნამდვილი წმინდანიც და წინასწარმეტყველიც ისაა, ვინც ღმრთის სიტყვას შეუცდომლად აზიარებს და განუმარტავს ადამიანებს. სულერთია რამდენ და როგორ სასწაულს მოახდენს ვინმე (სასწაულებს ეშმაკებიც ახდენენ ხანდახან), თუ ეს ადამიანი განუხრელად და შეუცდომლად არ ასწავლის ბიბლიის მოძღვრებას, თუ საკუთარი სიტყვით და ცხოვრებით არ ასწავლის ბიბლიის ღმერთის დიდებას და თაყვანისცემას და თუ მის უფლად არ აღიარებს ზეციდან მოსულ და მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს, ასეთი ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს წმინდანად. ბიბლიის მიხედვით წმინდაა ის, ვინც ცოდვას და ცოდვიან ცხოვრებას გამოშორდა, ქრისტე იწამა და ხელახლა დაიბადა სულიწმინდით, “გამოდით და გამოეშორეთ მათ, ამბობს უფალი, არაწმინდას ნუ შეეხებით და მე შეგიწყნარებთ თქვენ. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.” (2 კორ. 6, 17-18) ანუ ცოდვას ვინც გამოშორდა, ისაა წმინდა. შესაბამისად წმინდანობა სასწაულებს და ფოკუსნიკობას არ ნიშნავს. წმინდანობა ნიშნავს ბიბლიის ღმერთის რწმენით და საკუთარ ცხოვრებაში მისი მოძღვრების განუხრელად დაცვით ცხოვრებას. ეს თუ გვესმის, თავისუფალნი ვართ.”