დეიდაჩემი დღეს ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა თავის პატარა მაღაზიაში” – რას წერს სადგურის მოედნის მიმდებარედ ნგრევის შედეგად დაღუპული ქალის დისშვილი
გუშინ “ვაგზლის მოედნის” მიმდებარედ შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან დათო ბართაია და მანანა დარახველიძე,
მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მანანა დარახველიძის დისშვილი, მაია კობაიძე წერს:
ტრაგედია, რომელიც დღეს ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მტერს არ ვუსურვებ!
კახი კალაძე, თბილისის მერია, როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით?! დეიდაჩემი, (დედაჩემის და) მანანა დარახველიძე დღეს ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. არ შევაწუხო არავინო და ყინვასა თუ სიცხეში, იდგა თავის პატარა მაღაზიაში დღეში 20 ლარის გულისთვის! ოცნებად ჰქონდა წელიწადში ერთხელ მაინც ჩასულიყო რაჭაში, თავის პატარა სახლში და როგორც თვითონ იტყოდა, ფულს მაგისთვის აქუჩებდა მთელი წლის განმავლობაში!
ერთი გაფრთხილება, ერთი პატარა შემორაგული ხის ბარიერი აგვაცილებდა ამ ტრაგედიას თავიდან! როდემდე უნდა გვეშინოდეს სახლიდან გასვლის! სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი წავიდა დღეს სამსახურში და ახლა მორგში წევს!
ვინც მიცნობს, “პანიკიორი“ ხარ, ყველაფრის გეშინიაო მეუბნებიან! დიახ, მეშინია ბავშვის მაღაზიაში გაგზავნის იმაზე ფიქრით, რომ არანორმალური სიჩქარით მომავალმა მანქანამ არ გადაუაროს, (რამდენიმე წლის წინ სახლში შემომივარდა მანქანა) მეშინია იმაზე ფიქრის, რომ ჩემი მშობლების 16 სართულიან სახლში ლიფტი არ ჩაწყდეს და კიდევ არ აფეთქდეს კორპუსში გაზი, რომელმაც 2019 წელს კინაღამ მთელი ჩემი ოჯახი შეიწირა! დღეს კი ეს ტრაგედია! იმაზე აღარ დავწერ, თუ როგორ გვეპყრობოდნენ ჭირისუფლებს, ნორმალურ ქვეყანაში ალბათ ჩემს 76 წლის დედას, რომელიც ცოცხალ-მკვდარი 7 საათიდან ბორდიურზე იჯდა, ათასი ფსიქოლოგ- რეაბილიტოლოგი დაეხვეოდა თავს!
ისინი კი ძაღლად არ გვაგდებდნენ, ათასი ხვეწნის მიუხედავად რამე მაინც ეთქვათ ჩვენთვის!
კახი, კარგია მილანში საშოპინგოდ სიარული, დეიდაჩემიც არ იტყოდა უარს, მაგრამ ხანდახან მაინც გაიარე ვაგზლის მოედნის მიდამოებში და ნახე, ხალხი როგორ პირობებში მუშაობს ლუკმა- პურისთვის! და როგორც ჩანს, თავსაც სწირავს ამისთვის! სიცოცხლით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ არა?!”, – წერს მაია კობაიძე.
