“დევნილებს ეშინიათ, 33 წლის შემდეგ ბინის მიღების შანსი არ დაკარგონ აქტიურობის გამო”

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2023 წელს აცხადებდა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა დევნილი ოჯახი იქნებოდა განსახლებული, თუმცა ათასობით დან დევნილისთვის ეს დაპირება ისევ დაპირებად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობების მასშტაბები გაიზარდა და მხოლოდ გუშინ, 10 სექტემბერს, ქუთაისში 852-მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა, პროცესი კვლავ ხანგრძლივი და გაურკვეველი რჩება. ქულებით შეფასების სისტემამ, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ბევრ დევნილს იმედგაცრუება და უნდობლობა მოუტანა – ზოგს ეშინია, რომ აქტიურობით საკუთარი შანსი დაკარგოს, სხვები კი უბრალოდ ნიჰილისტურად უყურებენ პროცესს. რატომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ „ღირსეული განსახლების“ დაპირება და როგორ ქრება დევნილთა დაბრუნების თემა – ამაზე „ნეტგაზეთთან“ „მშვიდობის სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი, ელიკო ბენდელიანი საუბრობს.“
“ღირსეული განსახლება?”
„2023 წელს გაცხადებული იყო, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა დევნილი იქნებოდა განსახლებული, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე ვერ იქნება. სხვადასხვა ქალაქებში მისაღები ბინებისთვის დევნილთა ქულები დღემდე უცნობია, მშენებლობებიც ვერ დასრულდება ახლო პერიოდში და წინ ხანგრძლივი პროცესი ჩანს”, – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ელიკო ბენდელიანი.
“32 წელი გავიდა სამი ქულა მაქვს ანუ რა გამოდის ისე მოვკვდება,რომ ბინა არ მეღირსება?! როდის დადგება ბოლო ეტაპი,როცა სასაფლაოზე ვიქნები?! როგორ გძინავთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს, ამდენი კაცის ცოდვით?!” “არავის არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა?!? 33 წელი გავიდა, ეს კორუფციაში ჩაფლულები კი ქულებს გვითვლიან. თქვენ ცოტა რეალობას ხომ არ აცდით?! რა დროს ქულებია ხალხნო! ნახევარი ცხოვრება ქუჩაში გავატარეთ” “სოხუმში დაიბადა ჩემი შვილები, ქმარი ომის მონაწილეა, მაგრამ სიიდან შვილები ამომიყარეს,ის გათხოვილია,ის ცოლიანიაო და დამტოვეს ვითომ ერთოთახიანზე, ჯერ ისიც არავის მოუცია, ველოდებით!” – ეს და მსგავსი კომენტარები მოჰყვა აფხაზეთიდან დევნილთა ფეისბუკ ჯგუფებში ბინების გადაცემას გუშინ ქუთაისში.
ელიკო ბენდელიანის თქმით, მისასალმებელია, რომ დღეს მშენებლობების მასშტაბები უფრო დიდია და თანხებიც სოლიდურად გაზრდილი.
“თუმცა, რის გამოც მაქვს კრიტიკა – ვისურვებდი მეტ მრავალფეროვნებას ამ პროცესში. ეს გეტოები და დიდი ჩასახლებები არ მუშაობს ეფექტურად. მონიტორინგების დროს ბევრჯერ აღმოვაჩინეთ, რომ ასეთ დასახლებებში ბევრი არ ცხოვრობს, ბევრი ბინა დაკეტილია. არის მიგრაცია იქიდან და ცარიელი ბინებია. ეს კარგად გასათვლელია. თბილისს და ბევრ ცენტრალურ ადგილს თუ არ ჩავთვლით, ბევრგანაა ეს პრობლემა – ზუგდიდში, ფოთში, სადაც ვერ შეეწყნენ. წყალტუბოდან ოლიდან ჩასახლებულები ფოთში, შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდნენ.
არადა, ადრე იპოთეკის თანადაფინანსების პროგრამაც არსებობდა, სახლების აშენების პროგრამაც, მაგრამ მხოლოდ ორი განსახლების შესაძლებლობის დატოვება ვერ წყვეტს გრძელვადიან პრობლემებს. შესაბამისად, გაცხადებული მიზანი – „ღირსეული განსახლების“ პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”.
დღეს დევნილებისთვის არსებობს კიდევ ერთი სახელმწიფო, მცირებიუჯეტური პროგრამა „სოფლად განსახლება“.
“მაგრამ შეუძლებელია ამ თანხით ბინის ყიდვა, ან უნდა დაამატოს თანხა დევნილმა. ამიტომაც არის ეს პროგრამა არაღირსეული – ეს მახსენდება ამაზე. 10 ათას დოლარად 4-5 სულიანი ოჯახი ვერ იყიდის ბინას – ეს სახელმწიფომაც იცის, ან უნდა დაამატოს დევნილმა თანხა”.
ამავე დროს, ექსპერტი ამ პროცესში გამჭვირვალობის საჭიროებაზე საუბრობს.
“დევნილებს მუდმივად აქვთ განცდა, რომ პროცესი არ არის სამართლიანი და გამჭვირვალე. არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ოჯახის სხვადასხვა წევრმა მიიღო ბინა, და არის ოჯახები, ვისაც არასოდეს მიუღია – ერთ წევრსაც კი”. აქ ერთი მომენტიცაა, არიან ადამიანები, ვისაც კარგად შეუძლია აჩვენოს, როგორ იყვნენ მოწყვლადები, და არიან ისეთები, ვინც მუშაობენ და შრომით ცდილობენ დოვლათის შექმნას, რომლებიც საბოლოოდ, დაჩაგრულნი რჩებიან. ერთი მხრივ, მოწყვლადი ჯგუფები რა თქმა უნდა უნდა დაკმაყოფილდნენ, მაგრამ არ შეიძლება ეს მოწყვლადობის წახალისების გზით გაკეთდეს – როცა დევნილი განსახლების მოლოდინში წლები, უბიძგებ, რომ უნდა დარჩეს მუდმივ გაჭირვებაში. არადა პირიქით უნდა იყოს, ვინც საკუთარი შრომით აგროვებს რაღაცას, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი და თანამონაწილეობაში შევიდეს – ეს სახელმწიფოსთვისაც სასარგებლო იქნებოდა”.
აპათია დევნილებში
დღეს დევნილები საკუთარ უკმაყოფილებას სულ უფრო ნაკლებად გამოხატავენ განსახლების თუ სხვა საჭიროებებზე. ეს შესამჩნევია სოციალურ ქსელებშიც, დევნილთა ჯგუფებში, სადაც კრიტიკული ხმები მხოლოდ მაშინ ისმის, როდესაც “სიებში ისევ ვერ მოხვდნენ”.