დევნილების პასუხი სარჯველაძეს: სოციალური სტატუსის მქონე შვილიშვილი გარეთ გამოაგდეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე, შენობაში ჩასახლებული მოქალაქეების ნაწილი “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს.

საუბარია მიხეილ სარჯველაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც “თვალჭრელიძის ქუჩაზე მყოფთაგან მხოლოდ 58 პირია დევნილი – მათი დიდი ნაწილი, პრაქტიკულად ნახევარი, სახელმწიფოს მიერ, მანამდეც უზრუნველყოფილი იყო”.

ერთ-ერთი დევნილი “პირველებს” ეუბნება, რომ მას ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს, თუმცა ოჯახთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება.

დევნილი ვარ, სტატუსის მატარებელი, საბუთები მაქვს რაც საჭიროა – სოციალურად დაუცველია ჩემი შვილი, სიძე, გადაიღეთ, აგერ არის ჩემი შვილიშვილი, რომელსაც დივანზე ძინავს, გარეთ გამოაგდეს! აი, ამ მისამართზე აქვს სოციალური”- აცხადებს მოქალაქე. 

თვალჭრელიძის ქუჩის პირველ ნომერში  პოლიცია და  აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ისევ იმყოფებიან.  კომპაქტურად ჩასახლებული მოქალაქეების ნაწილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა, როგორც ამას უწყება მედიასთან ამბობს.

ამის ფონზე ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება – ერთ-ერთი დაპირისპირებისას, 4 პირი დააკავეს. ცოტა ხნის წინ კი მოსახლეობა სამთავრობო მედიის წარმომადგენელსაც დაუპირისპირდა.

მათი თქმით, სამთავრობო მედია მერიის შემოთავაზებაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა თბილისის მერი, . მისი თქმით, ეს არის კერძო საკუთრება და მერიას მასთან კავშირი არ აქვს.

ქრისტინე ნარინდაშვილს და მის ოჯახს, სხვა ოჯახებთან ერთად, დღეს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან ასახლებენ.
შენობაში მცხოვრები ოჯახებისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რა ტიპის კომპენსაციას სთავაზობს მათ მერია.
შეგახსენებთ, რომ დილიდან აქ პოლიცია ძალადობრივად ასახლებს დევნილებს და სოციალურად დაუცველებს, დაკავებულია 4 მოქალაქე.
მოსახლეობა ადგილზე დარჩენას ღამეც გეგმავს, რადგან, მათი თქმით, წასასვლელი არსად აქვთ.

წყარო