დევიდ მაკალისტერი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება – როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება – როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ის „გლობალური ომის პარტიასა“ და Deep State-ზე „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ყალბ ამბებს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს შეთქმულებები ემსახურება საქართველოში რუსული გავლენის გამყარებას დეზინფორმაციის გავრცელებით.
„პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს ცნობილ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ კრემლში მისი პოლიტიკური მოკავშირის, ბატონი პუტინის ნარატივს კვებავს. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია.
ეს შეთქმულებები ემსახურება საქართველოში რუსული გავლენის გამყარებას დეზინფორმაციის გავრცელებით. ს მზარდი გავლენა საქართველოში მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზია. მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ გამოიყენა რუსეთის აგრესიული ომის სასტიკი სურათები უკრაინის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის და დეზინფორმაციის გასავრცელებლად, არამედ შესამჩნევია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდაც. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თითქმის ნორმალიზდება, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საქართველო ზუსტად პირიქით უნდა მოიქცეს. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რუსეთის მიმართ თავისი საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შეათანხმოს. საქართველომ უნდა გააგრძელოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს თავის ვალდებულებას ეფექტურად განახორციელოს ზომები, რომლებიც ხელს უშლის ევროპული სანქციების გვერდის ავლას. ამ ნაბიჯების გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი შეუძლებელი იქნება“,- განაცხადა მაკალისტერმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.