დევიდ კრამერი საქართველოს ევროინტეგრაციაზე – ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რომელი ხელისუფლება იქნება საქართველოში, ეს ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ არსებული ხელისუფლება აჩვენებს, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ

ვიტყოდი, რომ ნიშნები უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა რამეზე მეტყველებს – ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რომელი ხელისუფლება იქნება აქ საქართველოში, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ არსებული ხელისუფლება აჩვენებს, რომ მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება, – ასე უპასუხა ს საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა კითხვას, არსებული ხელისუფლების პირობებში რჩება თუ არა საქართველოს ევროპულ გზაზე მომავალი წინსვლის შანსი.
ამასთან, კრამერმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლისთვის არ გამოიყენებს, განსაკუთრებით არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.
„კონფერენცია ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დედლაინს და რამდენადაც მე მესმის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უმეტესობა არ აპირებს კანონის შესაბამისად დარეგისტრირებას. კითხვა შემდგომში მდგომარეობს, თუ რას იზამს საქართველოს ხელისუფლება ამ ვითარებაში. სამწუხაროდ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას შესაბამისად უპასუხებს. ვიმედოვნებ, რომ ისინი არ გამოიყენებენ კანონს სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის განსახორციელებლად, განსაკუთრებით არჩევნებამდე ორი თვით ადრე. ამას ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს. ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები დამატებით ზომებს მიიღებს, რაც იქნება მიზანმიმართული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შექმნილ ვითარებაზე. ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირი მიიღებს ანალოგიურ ზომებს. ვისურვებდი, რომ ევროკავშირს ეს გაეკეთებინა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ეს გააკეთოს! მათ განაცხადეს, რომ შეაჩერეს მოლაპარაკების პროცესი საქართველოსთან, თუმცა, ჩემი შეხედულებით, ეს საკმარისი არ არის. შესაბამისად, ვნახავთ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვფიქრობ მსგავსი ზომები აუცილებელია. ისინი არ არის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ისინი განზრახულია იმ ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა კრამერმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა ერთგულება დემოკრატიისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ, თუმცა მას სჭირდება ევროპისა და ამერიკის დახმარება, მათ შორის სანქციების გზით.
„ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა კვლავ და კვლავ აჩვენა მათი ერთგულება ევროპული მომავლის, დემოკრატიის, ანტიკორუფციის, ევროკავშირთან მიერთების, ნატო-სთან მიერთების მიმართულებით. ჩვენ ეს ვნახეთ ქუჩაში გადასული საპროტესტო აქციებით, ვნახეთ ჩატარებულ გამოკითხვებში, ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი ხალხი დადგა თავისი უფლებებისთვის. ვფიქრობ, არსებული ხელისუფლება არ მოდის სინქრონში ქართველი ხალხის განწყობებთან და შეხედულებებთან. ვფიქრობ, ქართველ ხალხს სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან წარმოდგენილი დახმარება და ეს დახმარება გულისხმობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზმის მხარდაჭერას, ასევე სანქციებს, იმის უზრუნველყოფისთვის, რომ მათ, ვისაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავთ, ამისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
მე მოვისმინე პრეზიდენტის განცხადებაც გუშინ, იქ ვიყავი. როგორც ვიცით, მან არასამთავრობოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ვეტო დაადო. მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, ვფიქრობ, შესაბამისი და ძლიერი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ოფიციალურ წრეში ის უმცირესობაშია, სამწუხაროდ. მინდა მკაფიო ვიყო, ქართველ ხალხზეა დამოკიდებული გადაწყვიტონ, ვინ არიან მისი ლიდერები, ქართველ ხალხზეა დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, როგორი იქნება მისი მომავალი. მაგრამ რითაც შეშფოთებული ვარ, არის ის, რომ არსებულ ლიდერებს როგორ, ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე, ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავთ”, – განაცხადა კრამერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”