„დეველოპერულმა კომპანიებმა მომხმარებლებს მოქნილი და კონკურენტული პირობები შესთავაზეს, რითაც ისინი ბანკებთან კონკურენციაში შევიდნენ“ – „არქი“

უძრავი ქონების მშენებლობის სწრაფი ტემპის შესანარჩუნებლად დეველოპერულ კომპანია ,,არქიში“ მიიჩნევენ, რომ საჭირო იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება. კომპანიას ,,კომერსანტმა“ კითხვებით მიმართა. დავინტერესდით, რა ვითარებაა სამშენებლო სექტორში ბანკების მიერ დეველოპერული სესხების გაცემის გაჩერების შემდეგ. ,,არქიში“ აცხადებენ, რომ დეველოპერულმა კომპანიებმა მომხმარებლებს მოქნილი და კონკურენტული პირობები შესთავაზეს, რითაც ისინი ბანკებთან კონკურენციაში შევიდნენ. მათივე შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების პირობებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უცვლელად დარჩენამ შესაძლოა ბინების ფასები გააძვიროს.
,,დეველოპერულმა კომპანიებმა ბევრად მოქნილი და კონკურენტუნარიანი გადახდის პირობები შესთავაზეს მომხმარებლებს, შიდა უპროცენტო განვადებები. აქედან გამომდინარე, აღნიშნულმა ფაქტმა საბანკო სტრუქტურასთან მიმართებაში უბრალოდ ერთგვარი კონკურენცია გამოიწვია. შეიძლება, რომ ახალი უძრავი ქონების მშენებლობის ტემპი შემცირდეს და აღარ იყოს ისეთი სწრაფი, როგორც წინა წლებში იყო, თუ არ მოხდა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება. ხოლო, თუ ეკონომიკური ზრდა იგივე ტემპით გაგრძელდა და უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იგივე დარჩა, მაშინ სამშენებლო სექტორში მოსალოდნელია ბინის ფასების მატება, რაც გააჩენს დამატებით მოტივაციას, რომ მოხდეს ახალი კაპიტალის სწრაფად მოძიება.”- აცხადებენ ,,არქიში.“
დეველოპერულ კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორს ამ ეტაპზე მასშტაბური საფრთხე არ ემუქრება. ამ პოზიციის გასამყარებლად კომპანიას მაგალითად Galt & Taggart-ისა და კაპიტალის კვლევები მოჰყავს.
,,მიმდინარე ეტაპზე, სამშენებლო სექტორში არ არსებობს რაიმე მასშტაბური საფრთხე, რადგან არ ხდება რაიმე დრამატული ცვლილება და შესაბამისად, არც რისკები არაა გაზრდილი. იანვარში, Galt & Taggart-ისა და ს კვლევებით, მხოლოდ მინიმალური 5-6 პროცენტიანი კლებაა შარშანდელ იანვრის თვესთან შედარებით. ამასთან ერთად, წელს თებერვლის თვეში მატება იყო იანვართან შედარებით, ანუ ამ ორი თვის ჭრილში, ვვარაუდობთ, რომ გაყიდვები მინიმუმ იმდენი იქნება, რამდენიც იყო გასულ წელს და შესაბამისი კვლევებიც ამას დაადასტურებს.”- აცხადებენ ,,არქიში“.
,,არქისთვის“ მიმდინარე წლის იანვარი ბინების რეალიზების მიმათულებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდი.
,,არქის შემთხვევაში, წინა წლის იანვართან შედარებით უძრავი ქონების მოცულობის გაყიდვები 24%-ითაა გაზრდილი, თუმცა ზოგადად ბაზარზე იანვარი-თებერვლის პერიოდში ბინების რეალიზაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით თანაბარია და არ შემცირებულა.”- განმარტავენ ,,არქიში“.