დეველოპერებს შეეძლებათ სამშენებლო ობიექტზე სანებართვო პირობებთან შესაბამისობა მუნიციპალურ ინსპექციას შეამოწმებინონ – თბილისის მერია

მშენებელს/დეველოპერს მიეცემა შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართოს თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას და სამშენებლო ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობა შეამოწმოს, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული დამატებითი სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ მშენებლობის პროცესი ყველა ეტაპზე წარიმართოს სანებართვო პირობების თანახმად.
„იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენთვის სამშენებლო მიმართულება – სწორი სანებართვო პროცესი და მშენებლობების დარღვევის გარეშე წარმოება. ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მშენებლობას ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი უკავია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან აღნიშნული სფერო ყოველთვის მხარდაჭერილია, თუმცა მთავარია, პროცესი მიმდინარეობდეს სწორად, დარღვევების გარეშე. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, განახორციელოს აღმშენებლობა და განვითარება, მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება მწვანე, რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე. იცით, როგორ დავუპირისპირდით იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც წლების განმავლობაში ნორმად იყო მიღებული და არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა რეკრეაციული არეალების ხარჯზე. პირიქით, ხელს ვუწყობთ ასეთი სივრცეების ქალაქისთვის დაბრუნებას. პარალელურად, ხელს ვუწყობთ აღნიშნული სექტორის განვითარებასაც“, – განაცხადა მ.
მისი თქმით, შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ თავისი დამოკიდებულება გაამკაცრა და რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა.
„ჩვენს მიერ განხორციელებული ამ ცვლილებებით, უკვე მაქსიმალურად ვახდენთ სამშენებლო დარღვევების პრევენციას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ თავად მშენებლები, დეველოპერებიც უკვე დაინტერესებულები არიან, რომ სამშენებლო პროცესი წარმართონ დარღვევების გარეშე. გვინდა, ამ მიმართულებით დამატებითი სერვისი შევთავაზოთ სამშენებლო სექტორს. კერძოდ, თუ მშენებელს/დეველოპერს აქვს ეჭვი, რომ თუნდაც მცირედი დარღვევა აქვს მშენებლობაზე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მიმართონ მუნიციპალურ ინსპექციას და მოითხოვონ სამშენებლო ობიექტის შემოწმება, რამდენად სწორად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და ხომ არ არის ის სანებართვო პირობებთან შეუსაბამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ ბევრი დეველოპერი ისარგებლებს ახალი სერვისით.
„აღნიშნული სერვისის მიღება დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რისთვისაც მათ შენობა-ნაგებობის კლასის მიხედვით მოუწვეთ შესაბამისი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა, რომელიც იქნება არაუმეტეს 40 000 ლარისა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისარგებლებს ამ სერვისით, რაც ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, თავად მშენებლობას, რათა პროცესი იყოს წარმართული სანებართვო პირობების შესაბამისად და თუ სადმე, რომელიმე ეტაპზე ფიქსირდება დარღვევა, მისი გამოსწორება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.