შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს სასიგნალო შეტყობინება დღეს დილით შემოვიდა.
შემოსული ინფორმაციის საფუძველზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ დაუყოვნებლივ მოხდა იქ მყოფი ყველა პირის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.