დეესკალაცია თუ არ მოხდა მეორე კვარტალში ქვეყანა სერიოზული რისკების ქვეშ დადგება, ეკონომიკის ყველა სფეროში – კახა ხაზარაძე

„თუ დეესკალაცია არ მოხდა, მეორე კვარტალში ქვეყანა სერიოზული რისკების ქვეშ დადგება ეკონომიკის ყველა სფეროში,“ – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ზარალი არის ორი სახის მატერიალური და მორალური. ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო, დღემდე ბიზნესმა პირველ რიგში დიდი მორალური ზარალი მიიღო. არცერთ ნორმალურ ინვესტორს ქვეყანაში ინვესტიციის გაკეთება არ უნდა, ძალიან ბევრ ბიზნესს ჰქონდა დაგეგმილი გაფართოება, რაზეც ფაქტობრივად მეორე მხარე არათუ არ საუბრობს, არამედ ფიქრობს რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებიც კი დააკონსერვოს. მე უშუალო შეხებაში ვარ სხვადასხვა კომპანიებთან, სადაც ეს საუბრები მიდის. შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გავლენა ბიზნესზე არის პირველ რიგში მორალური ზარალი, რაც შემდეგ მატერიალურში გადაიზრდება.
რაც შეეხება მატერიალურ ზარალს, კრიზისის დროს სხვადასხვა სფერო სხვადასხვა პერიოდში იღებს ამ ტიპის ზარალს. კრიზისი დეკემბერში პირველ რიგში აისახა ტურიზმზე, კვების მიმართულებაზე, მაგ სფეროში მათ შორის ჩვენც ვსაქმიანობთ და ფაქტობრივად, დეკემბერი განახევრებული იყო რეალიზაციები; ავეჯის გაყიდვების მიმართულებით დაახლოებით 30%-იანი კლება გვქონდა; ფეშენ-ინდუსტრიაში დაახლოებით 10-15%.

პრობლემა კი ის არის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. ამის შემდეგ მოხდა სახელმწიფო მოხელეების, მათ შორის ს დასანქცირება, გაჟღერდა ამერიკის მიერ ახალი სავარაუდო სანქციების დაწესების საკითხი. ვფიქრობ ეს სანქციები იანვრის ბოლოს რეალობად იქცევა.
შესაბამისად, ქვეყანა შედის იზოლაციაში, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წყვეტენ დიდ პროექტებში ინვესტიციების გაკეთებას, გადმორიცხვები კერძო პირების მიერ მცირდება, ეს ყველაფერი კი ლარს აწვება, მე არ ვიცი როდემდე შეძლებს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შენარჩუნებას.
ყველა ეს პრობლემა, თუ დეესკალაცია არ მოხდა, ფიზიკურად საგრძნობლად მოსახლეობაზე აღქმადი გახდება თებერვლიდან და ვთვლი, რომ თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება მეორე კვარტალში ქვეყანა სერიოზული რისკების ქვეშ დადგება ეკონომიკის ყველა სფეროში,“ – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
ბიზნესპრესნიუსი