დედაქალაქში ტურისტული ავტობუსის გაჩერების არარსებობა ისევ გამოწვევად რჩება. როგორც კომპანია World Sightseeing Tbilisi-ის (WST) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ტურისტული მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის აღნიშნული გაჩერების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, კომპანია განვითარებას აგრძელებს და ამჟამად WST-ში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
“ჩვენი კომპანიის ტკივილი არის ის, რომ ტურისტულ ავტობუსს გაჩერება არ აქვს. 11 წელია ამ საკითხის მოგვარებას ვერ მივაღწიეთ. ყველა ქვეყანაში ტურისტულ ავტობუსს საკუთარი გაჩერება აქვს და ჩვენთან რატომღაც აღნიშნულ საკითხს ყურადღებას არ უთმობენ. არ არსებობს თბილისში ადგილი, სადაც ტურისტი მივა და ეცოდინება, რომ იქ ამა და ამ საათზე მოვა ტურისტული ავტობუსი და ა.შ. bus line-ზე, რომ არ გვატარებენ, ამაზე ჩავიქნიე ხელი, მაგრამ ხომ შეიძლება გაჩერება მაინც მოგვცენ?! ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ეს არის. ამჟამად გვიწევს ჯარიმების გადახდა და ასე შემდეგ. წელს ბიუჯეტში მილიონი ლარი მაქვს გადახდილი და ხომ შეიძლება ერთი გაჩერება გაკეთდეს ჩვენთვის”, – აცხადებს გერმანე ჭელიძე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მთლიანობაში, 2025 წელი WST-სთვის წინა წელზე უკეთესი იყო, რადგან კომპანიას 15%-იანი ზრდა აქვს.
ცნობისთვის, ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე.




