თბილისის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ქალაქში ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის საღამოს და ღამის საათებში, რითაც წუხდება მოსახლეობა.
„საღამოს ადამიანი ისვენებს და ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გარკვეულ პრობლემას და დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობით შსს-სთან და ერთად განისაზღვრება კონკრეტული ადგილები, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება და ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად დაჯარიმდება მოხდება. ხმაურის დეტექტორები დამზადებულია ჰოლანდიური კომპანიის „სორავა ბიმის“ მიერ. ამ ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში და საპილოტე პროექტის ფარგლებში დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას, დავაკვირდებით, შევხედავთ და ანალიზის შემდგომ შესაძლებელი იქნება აღნიშნული დეტექტორები სხვადასხვა ქუჩებსა თუ გამზირებზე დამონტაჟება, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამდგენი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.