თბილისში, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა. დღეს, 12 იანვარს ზუსტად ერთი წელი გავიდა მისი დაკავებიდან.
„საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“, „ბრძოლა ბოლომდე“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ისმოდა შეძახილები მსვლელობის დროს.
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც არის ონლაინგამოცემების „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი, რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა „რეჟიმის მიერ დაკავებული ყველა უკანონო პატიმრის“ გათავისუფლება.
„იმ ქმედებისთვის [სილის გაწვნისთვის] პატიმრობა არ უნდა მიესაჯათ, მაგრამ რადგან მიუსაჯეს, რადგან სისტემაა ასეთი მყრალი და უსამართლო, საკმარისია ყველაფერი და ისიც და სინდისის სხვა პატიმრებიც, რომლებიც უდანაშაულოდ სხედან ციხეში, უნდა გაათავისუფლონ… ყველაფერს უნდა ჰქონდეს დასასრული“, – თქვა მთივლიშვილმა.
დღეს, 12 იანვარს ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. გასულ წელს ის ბათუმში, პროევროპულ აქციაზე პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიამ კი უცვლელი დატოვა.




