დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.
„დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ავტობუსები მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანას სრულად უზრუნველყოფს.
„კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია, ეს ტენდენცია კი მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მოხმარება, თუმცა გვაქვს რესურსი შედეგების მატების. 2017 წელს როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დავიწყეთ, შემცირებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი. ამის მიზეზი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო. შესაბამისად, განვაახლეთ ავტობუსები, შემოვიყვანეთ ევროპული ტიპის ავტობუსები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.