დედაქალაქში ვირთხები, ბაღლინჯოები, ტარაკნები და რწყილები მომრავლდნენ, დასუფთავების სამსახურზე მიმართვიანობა გაზრდილია, დეზინფექციის ხარჯი დიდია

დედაქალაქში ვირთხები, ბაღლინჯოები, ტარაკნები და რწყილები მომრავლდნენ, დასუფთავების სამსახურზე მიმართვიანობა გაზრდილია, დეზინფექციის ხარჯი დიდია
თბილისში დასუფთავების სამსახურზე მომართვიანობა კატასტროფულად გაზრდილია. ამის მიზეზი დედაქალაქში ბაღლინჯოებისა და სხვადასხვა მწერების გავრცელებაა. პრობლემა, ფაქტობრივად, ყველა უბანში შეიმჩნევა. სადეზინფექციო სამსახურებსი აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა შეკვეთებს ვერ აუდიან. მოსახლეობას ამ მავნე მწერების ფონზე ეზრდება ხარჯიც. ოროთახიანი ბინის სპეციალური ხსნარებით დამუშავების ღირებულება 1000 ლარამდე ავიდა და ფასიც ფართის მიხედვით მზარდია.
ვინაიდან ხარჯი საკმაოდ დიდია, უსახსრობის გამო, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცდილობს საკუთარი შესაძლებლობებით გაუმკლავდეს პრობლემას. გარდა იმისა, რომ ისინი სამუშაოებს, სრულყოფილად ვერ ასრულებენ, რისკი ჩნდება მოწამვლისა და ჯანმრთელობის დაზიანების. შესაწამლად კი კუსტარულად დამზადებული ყველაზე იაფი შხამქიმიკატები გამოიყენება, რაც დაბალბიუჯეტური და ხელმისაწვდომია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.
როგორც აღმოჩნდა, დეზინფექციის სერვისს მომხმარებლებს სპეციალისტების მიერ გადამზადებული პირებიც სთავაზობენ, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიცირება გავლილი აქვთ და მომხმარებლებს დამოუკიდებლად ემსახურებიან.
დასუფთავების კერძო სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ჯავახაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა გაორმაგებულია და მეტიც, კომპანიაში შემოსულ ზარებს ვერ აუდიან.
,,მესამე წელია, შრომის უსაფრთხოების კურსი გავიარე და დასუფთავების მიმართულებით ვმუშაობ. პანდემიის შემდეგ მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა გაზრდილი იყო და უკვე პოსტპანდემიურ პერიოდში მეც აქტიურად ჩავერთე. ნელ-ნელა მატულობდა შეკვეთები, მაგრამ რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია. მაგალითად ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგებულია და მეტადაც არის გაზრდილი. ამის მიზეზი ბაღლინჯოებისა და მავნე მწერების გავრცელებაა.
მოსახლეობა მოგვმართავს, თუმცა ყოველი ათი ადამიანიდან ჩვენი მომსახურებით სამიც ვერ სარგებლობს. სრული სერვისი 800 ლარი ჯდება, ამიტომ ბევრი ცდილობს თვითონ გასწიოს ხარჯი, შედეგს, რა თქმა უნდა, ვერ აღწევენ. არის შემთხვევები, რომ მავნებლებთან გამკლავება თვეობით უწევთ, რაც უსაფრთხოების კუთხით, სარისკოა”, – განაცხადა ჯავახაძემ.
პრობლემის სერიოზულობაზე საუბრობს დეზინფექციის სამსახურის წარმომადგენელი ვალერი მათითაშვილიც. ისიც ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა სახის მწერები, რაც მოსახლეობას დიდ პრობლემას უქმნის.
,,ძალიან ბევრი გამოძახება გვაქვს ყოველდღიურად. დედაქალაქის მოსახლეობის 70%-ს აწუხებს ეს პრობლემა. დღეში შემოსული 100 ზარიდან 80 ბაღლინჯოზეა. გააჩნია ვის რა დოზით “ჰყავს” ესა თუ ის მწერი, როგორაა გავრცელებული. საკმაოდ რთული სამუშაოა. ერთოთახიანი ბინის შეწამვლა 500 ლარამდე ჯდება. ფასებიც ფართის შესაბამისად იზრდება. ჩვენ ვიყენებთ გერმანულ ,,ბაიერის” ფირმის პრეპარატებს.
თანაც შეუძლებელია შეწამვლის პროცესში ბინის მფლობელები სახლში დარჩნენ. აუცილებელია დატოვონ საცხოვრებელი ფართი 2-3 დღით. სახლი იმიტომ იკეტება, რომ შხამქიმიკატის მოქმედების პროცესში ადამიანის ყოფნა დაუშვებელია. ბაღლინჯოს სხვანაირად ვერ გააქრობ.
ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახები უსახსრობის გამო თვითონ ცდილობენ პრობლემასთან გამკლავებას. შხამ-ქიმიკატებს თვითნებურად ყიდულობენ და დეზინფექციას ატარებენ, მაგრამ ამ გზით პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია. ბაღლინჯო, ის მწერია, რომელიც ადვილად არ ქრება. შეიძლება გარკვეული პერიოდი არ ჩანდეს, მაგრამ კვლავ გამოდიან და თვეობით უწევთ მათთან ბრძოლა”, – ამბობს ვალერი მათითაიშვილი.
განსაკუთრებით ბოლო ორი წელია დედაქალაქში პრობლემა მზარდია და შეწუხებული მოსახლეობის ზარებს ვერ აუდიან. ყოველდღიურად სულ ცოტა 100-მდე ზარი შესდით. მომრავლდა როგორც მწერები, ასევე ვირთხები.
,,მწერების მომრავლება ტურისტების დიდი რაოდენობით შემოდინებამ გამოიწვია. ამას თან ერთვის სკვერებისა და პარკების არასწორი მოვლა-პატრონობა. სარეველები დროულად უნდა გაითიბოს და შეიწამლოს.
მწერებს რა დალევს. გარდა ბაღლინჯოებისა, მასობრივად გავრცელდა რწყილებიც. უკვე ორი წელია რაც პრობლემა მძვინვარებს. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა ჩაერთოს მის მოგვარებაში.
სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, უსახსრობის გამო, ცდილობს პრობლემა საკუთარი ძალებით მოაგვაროს. ბაზრობებზე გამოტანილ შხამქიმიკატებს ყიდულობენ და შედეგამდე მაინც ვერ მიდიან. საკმაოდ რთული ვითარებაა თბილისში.
ვფიქრობ, პრობლემის აღმოსაფხვრელად დედაქალაქის დასუფთავების სამსახურმა მეტი აქტივობა უნდა გამოიჩინოს. ბაღლინჯოსთან ერთად მრავლადაა ტარაკნები, რწყილები, ვირთხები და ა.შ. ვიმეორებ, თუ გვინდა ვებრძოლოთ პრობლემას, საჭიროა სკვერებსა და ბაღების დროული გათიბვა და მასიური შეწამვლა. ეს კი სახელმწიფოს პრეროგატივაა”, – განაცხადა ,,ბიზეს-რეზონანსთან” ვალერი მათითაშვილმა.
მავნებლებთან ბრძოლა, რომ დიდ შრომას მოითხოვს ამაზე მოსახლეობა ერთხმად საუბრობს. პრობლემით შეწუხებული თბილისის მკვიდრი თამარ ზავრიშვილი ჩვენთან სუბრისას უკმაყოფილებას ვერ მალავს.
,,ზაფხულში შემოგვესია ბაღლინჯო. ეს მწერი ძალიან უცნაურია და პირველად მაშინ გავიგე. უყვართ ლეიბები და მატრასები, იქ იდებენ ბინას. თუ ძალიან არ მომრავლდა, ვერც შენიშნავ. მე მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ბავშვი საწოლიდან დაკბენილი ადგა. როდესაც გავიკითხე და სოციალური ქსელსიც მოვიძიე, საკმაოდ საშიში და მავნე მწერი აღმოჩნდა. მისი მოშორებაც არც ისე ადვილია.
პირველი რაც მოვიმოქმედე, მერიაში, დასუფთავების სამსახურს დავუკრეკე. მითხრეს, რომ მათ პრეროგატივაში არ ყოფილა მსგავსი პრობლემების მოგვარება და სადეზინფექციო სამსახურისკენ გადამამისამართეს. კერძო კომპანიებმა საკმაოდ დიდი თანხები მოითხოვეს. ფართის მიხედვით იყო ფასები. სამოთახიანი ბინა მაქვს და მათი მომსახურება 1300 ლარს აღემატებოდა. იძულებული გავხდი საკუთარი სახსრებით მეცადა. გავწვალდი. ორი თვე მოვანდომე ბაღლინჯოებთან ბრძოლას. ახლაც დაძაბული ვარ. მეშინია, არ გამოჩნდეს და ვცდილობ თავდაცვის მიზნით ზოგჯერ შევწამლო”, – აღნიშნა თამარ ზავრიშვილმა.
წყარო: რეზონანსი