მათი თქმით, ეს იყო პასუხი ბოლო დღეებში პოლიციელების ქმედებაზე – „თუ დააკავებდნენ ერთ-ერთს, დააკავებდნენ – ყველას“.
პარლამენტიდან დაძრული მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. მათ ბორკილები მოიხსნეს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კიდევ ერთხელ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე – ის პარლამენტთან არსებულ შემაღლებულ „კუნძულზე“ იდგა, პოლიციამ მას ჩამოსვლა მოსთხოვა. ისაკო დევიძეს ედავებიან პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას.
28 ნოემბერს ერთი წელი ხდება დედაქალაქში უწყვეტი პროევროპული აქციების დაწყებიდან. პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირი თითქმის ერთი წლის განმავლობაში იკეტებოდა. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, პოლიცია დედაქალაქში შეკრებილ დემონსტრანტებს აღარ აძლევს გზის გადაკეტვის უფლებას. ამის გამო აქციის მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს, თუმცა მათ პოლიცია მაინც უქმნის წინაღობებს. ამ დროს დემონსტრანტებს აკავებენ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლებით, სასამართლო კი მათ აჯარიმებს ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში უშვებს.
„ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონით სადავო პარლამენტმა გამოხატვის თავისუფლება რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ შეზღუდა. განახლებული კანონით, აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში – 1 წლამდე პატიმრობით.
გარდა ამისა, თუკი ადამიანს მესამედ დააკავებენ „პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის“, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.
ფორუმი




