დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო – დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებას, რომ კობახიძემ ევროინტეგრაცია შეაჩერა, გიორგი ტყემალაძემ ტყუილი უწოდა

ჩვენგან რამდენიმე მეტრში ხდება ე.წ. სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროტესტანტების ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი ხდება პირდაპირ ეთერში და ამ დროს, არანაირი რეაქცია არ არის – დღეს თქვენგან ამ ფაქტების დაგმობას ველოდი, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ კაკაურიძემ სხდომათა დარბაზში მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდება.
„ჩვენ ვიკრიბებით ზუსტად იმ მოვლენის შემდეგ, როცა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რომ წყვეტს ევროინტეგრაციას. მან რეალურად კონსტიტუციის ქმედება შეაჩერა. წარმოუდგენელია, ნებისმიერი პირის მიერ კონსტიტუციის ქმედების შეჩერება. რეალურად, ჩვენს ქვეყანაში მ 4 წლით გადაავადა კონსტიტუციური წესწყობილება. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ თუ გვინდა დავხუჭოთ თვალები და არაფერი არ დავინახოთ, ეს შეგიძლიათ. ერთპარტიული მმართველობა რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?
მე გეთანხმებით, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადება მოიყვანეთ აქ. როდესაც თქვენ გაწყობთ, მაშინ ევროსაბჭოს, ევროკავშირს აქვს ავტორიტეტი, მაგრამ როცა არ არის თქვენს ინტერესებში, მაშინ ემიჯნებით, ქილიკობთ და შეურაცხყოფასაც აყენებთ ევროკავშირის და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს. გთხოვთ, დაფიქრდეთ, შეუძლებელია ასე გაგრძელდეს!
უკვე სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირების გარკვეული ფორმები. ეს შესაძლებელია რამდენიმე დღეშიც კი განვითარდეს. ცოტა დავფიქრდეთ და რეალური შეფასებები და ეფექტური ქმედებები [განახორციელეთ]. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ ასე პროცესები არ განვითარდეს და კონტროლიდან არ გავიდეს. სამწუხაროდ, თქვენგან, კოლეგებისგან ამ ყველაფერს ვერ ვისმენ, რომლისგანაც დღეს ბევრს ველოდი, რომ გარკვეული დაგმობა იმ ფაქტების იქნებოდა, რასაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა მიხეილ კაკაურიძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატის პოლიტიკურ განცხადებას სხდომათა დარბაზში “ქართული ოცნების” დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა.
კაკაურიძის განცხადებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კაკაურიძემ თავის გამოსვლაში, რამდენიმე ტყუილი გააჟღერა. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია.
„იმ ამბების შემდეგ, ჩვენ ჩვენი მოსაზრება დავაფიქსირეთ. როგორ გეკადრებათ, რა კურსის ცვლილება? რის კურსის ცვლილება? რამდენი ტყუილი იყო თქვენს ნათქვამში. რა შეაჩერა [ირაკლი კობახიძემ]? ეს თქვენ გინდათ [ევროინტეგრაციის შეჩერება]. თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ შეაჩერონ, მაგრამ არავის არაფერი შეუჩერებია. თქვენ იმ ხალხს ატყუებთ. ასეთი გამოსვლები მოქმედებს ბევრი ახალგაზრდის ემოციაზე და ვიღაცები ჯერ კიდევ გიჯერებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. დღეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსაც აბულინგებდით უკვე“, – განაცხადა ტყემალაძემ.