· 106
37 წლის თეამ რომ გაიგო, “გზაში” ვმუშაობ, ძალიან გაუხარდა: ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს თქვენი ჟურნალი და რა მოუთმენლად ველოდები ყოველ ხუთშაბათს, რომ ახალი ნომერი ავიღო ხელში. ბევრი საინტერესო მასალა იბეჭდება, მაგრამ იმისთვის უფრო მიყვარხართ, უბრალო ადამიანებსაც დიდ ყურადღებას რომ უთმობთ…
რადგან განგებამ თქვენთან შემახვედრა, გეტყვით ჩემს სატკივარზე…
ახლა აღარაფერი მიჭირს, რადგან ბედმა ბოლომდე არ გამწირა და მართლაც, გადამრჩენელი გამომიგზავნა ქმრისა და მისი ოჯახის სახით. დედამთილმა გამზარდა და მაქცია ღირსეულ ქალად! ამიტომ მიმაჩნია ის დედად და ვეცდები გავაბედნიერო, სიხარული არ მოვაკლო, ვიდრე ერთმანეთი გვეყოლება. მასაც შეეძლო ჩემთვის ხელი ეკრა და ქუჩაში მოვესროლე, მაგრამ ეს არ გააკეთა. შეიძლება იმიტომაც, რომ თავადაც ობოლი იყო და უდედოდ გაიზარდა ანუ კარგად იცოდა, რასაც ნიშნავს უპატრონობა…
თავისი ქალიშვილის ტანსაცმელს გადამიკეთებდა და მომარგებდა. მგონი, მას უფრო ადრე შევუყვარდი, ვიდრე მის შვილს. რეზო უნივერსიტეტში სწავლობდა და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, სადედამთილომ არ დამიწუნა და ქორწილიც გადაგვიხადა. თუკი დღეს რაიმე ვიცი და ჩემგან ქალი დადგა, თანაც ისეთი, რომ ქმარი ძალიან ამაყობს ჩემით, სულ დედამთილის დამსახურებით, რომელიც ახლა ჩემს სამ შვილს არ აკლებს სითბოსა და სიყვარულს… სხვათა შორის, ისიც მადლიერებით იხსენებს თავის დედამთილს: დედობა იმან გამიწიაო და ალბათ, იმ ცხონებულის დამსახურებაცაა, თალიკო რომ ასეთი მადლიან-გემრიელია…
ჩემი დედინაცვალი კი როგორი ბოროტიც იყო, ბოლომდე ისეთად დარჩა და ჩემს ნახევარძმასაც გაუმწარა სიცოცხლე. ორი ოჯახი დაუნგრია იმიტომ, რომ ვერც რძლების სიყვარული და დაფასება შეძლო…
დაბოლოს, ყველა ქალს შევეხვეწები, – ნუ გაჰყვებით ცოლად შვილიან კაცებს, თუ მათი ობლების სიყვარული არ შეგიძლიათ და ნუ გაუმწარებთ ცხოვრებას ისედაც დაჩაგრულ ადამიანებს. ობლობა ისეთი სიმწარეა, რომ ცხოველის ნაშიერსაც არ ვუსურვებ უდედოდ დარჩენას.