გერმანიის შეიარაღებული ძალები აშშ-სგან მომდევნო წლებში „F-35“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს. თუმცა, არსებობს შიში, რომ აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია, ავიაგამანადგურებლები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გათიშოს და უსარგებლოდ აქციოს. ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ მიწოდების რთული ჯაჭვის მოშველიება შეიძლება.
თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი „F-35“ ერთგვარი მფრინავი კომპიუტერია. ფრენის ოპერაციები, ასევე რადარული და შეიარაღების სისტემები, ძირითადად, პროგრამულად იმართება და, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, სულ უფრო მეტად იხვეწება. თუ ეს ელექტრონიკა მწყობრიდან გამოვა, ძვირადღირებული თვითმფრინავი, ფაქტობრივად, უსარგებლო გახდება. ბოლო დროს სულ უფრო მეტად ვრცელდება სპეკულაციები, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება გასცეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც „F-35“-ის ისეთ მომხმარებლებლებს, როგორებიც კანადა, დანია და გერმანია არიან, პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება შეუწყდებათ და ამით ავიაგამანადგურებლები, პრაქტიკულად, ჯართად იქცევა.
მართალია, სამხედრო-საჰაერო ძალების წრეებში ამბობენ, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობას რაიმე სახის წითელი ღილაკის, ე.წ. „ავტომატური გამომრთველის“ არსებობა მაინც არ სჯერა. როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებს, „F-35“-ის დისტანციურად გამორთვა, უბრალოდ, შეუძლებელია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „F-35“-ის საერთაშორისო მომხმარებელი ქვეყნები შეერთებული შტატების მიერ ბორტის ელექტრონიკაში პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულ განახლებებზე არიან დამოკიდებულნი. გამართული ელექტრონიკისა და მუდმივი ტექნიკური მომსახურების გარეშე საბრძოლო თვითმფრინავი მალე გამოვა მწყობრიდან. ამ ელექტრონიკის ცენტრალური კომპონენტია „შავი ყუთი“, რომელზე პირდაპირი წვდომა მხოლოდ მწარმოებელსა და აშშ-ს სამხედროებს აქვთ.
თუმცა, არსებობს ერთი გადამწყვეტი მიზეზი, რაც ასეთ ნაბიჯს ნაკლებად სავარაუდოს ხდის: აშშ-ის საჰაერო ძალები საზღვარგარეთიდან მიწოდებებზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს: „F-35“-ის პროექტი 100 პროცენტით ამერიკული კი არა, არამედ მულტინაციონალურია. მხოლოდ დიდი ბრიტანეთზე ავიაგამანადგურებლის შექმნის ღირებულების დაახლოებით 15 პროცენტი მოდის. შედარებით პატარა ქვეყნებიც კი, როგორიც არის, მაგალითად, დანიაა, საბრძოლო თვითმფრინავის ამერიკელ მწარმოებლებს უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს აწვდიან. მნიშვნელოვანი ნაწილები ოკეანის გაღმა მომავალში გერმანიიდანაც გაიგზავნება. კომპანია „რაინმეტალი“ ამჟამად აშენებს ქარხანას, სადაც ასობით „F-35“-ისთვის ე.წ. „ფუზელაჟის“ შუა ნაწილები დამზადდება.
ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ერთგვარ დამზღვევ ფაქტორს წარმოადგენს: თუ აშშ თავის კლიენტებს მოატყუებს და „F-35“-ის ტიპის თვითმფრინავებს დისტანციურად გათიშავს, ამით მთელი პროდუქტი, მართალია, უსარგებლო გახდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ნდობის დაკარგვის გამო აშშ თვითმფრინავების წარმოებასა და გაყიდვას ვეღარ მოახერხებს.
„F-35“-ის რამდენიმე მომხმარებელმა ქვეყანამ ამ რეაქტიული თვითმფრინავის შესახებ ბოლო დროს საკმაოდ კრიტიკული პოზიცია გამოხატა. მაგალითად, დანიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ისიც კი განაცხადა, რომ ამერიკული თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს. მსგავსი მოსაზრებები კანადიდან და პორტუგალიიდანაც გაისმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსიც სკეპტიკოსების რიგებშია.
როგორც უსაფრთხოების წრეებში ამტკიცებენ, მის სამინისტროში მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს საკითხს, თუ რამდენად საიმედოა ამერიკული სისტემები, რომლებიც უკვე ბუნდესვერის მფლობელობაშია ან შეკვეთილია. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
წყარო: 1tv.ge
