დეა მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ლელოს” პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი მდივნის პოსტს ტოვებს.
ამის მიზეზად მან პარტის გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის მიხედვითაც “ლელო – ძლიერი საქართველო” თვიითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
დეა მეტრეველის თქმით, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობის ფონზე.
“ჩემთვის, როგორც პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისთვის, მისი პოლიტსაბჭოს წევრისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, უზომოდ მნიშვნელოვანი იყო და არის პარტიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ვყოფილიყავით დიდი ეროვნული მოძრაობის ნაწილი. ეს წლები ჩვენი გუნდი სწორედ ამ გზის და ამ ღირებულებების ერთგულია, რადგანაც რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა.
სამწუხაროა, რომ ე.წ. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ მოხდა საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთიანი გეგმის გარშემო. შესაბამისად, საერთო მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ოპოზიციურ პარტიების ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილის ბოიკოტში დარჩენა.
ვფიქრობ, „ძლიერი საქართველო“-ს მიერ დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება, არსებული ვითარების გათვალისწინებით, არ არის თანმიმდევრული გზა ჩვენი საერთო ბრძოლისთვის, მით უფრო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უაღრესად პრინციპული და ღირსეული ნაბიჯის ფონზე თავისუფლების აღკვეთის ფასად დარჩენილიყვნენ საერთო ბრძოლის ერთგულები.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტიის პოლიტსაბჭო და აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ამავდროულად, ვრჩები იმ საერთო ბრძოლაში, რომელიც ყველას გვაერთიანებს – საქართველოს გათავისუფლება და მისი ევროპული მომავალი”, – დაწერა დეა მეტრეველმა.
კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველომ” დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შემსახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ “ლელოს” ოფიში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნები არაის დე-ფაქტო ბრძოლა, დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ და საზოგადოების ერთობის შემთხვევაში, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.
