გული მწყდება, რომ ერთიანობა საერთო გეგმის გარშემო ვერ მოხდა , – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა დეა მეტრეველმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე კარგი გამოსავალი ოპოზიციის ერთიანობა იქნებოდა, რომლის საერთო გეგმის სისწორეში საზოგადოებაც დარწმუნდებოდა, ერთმანეთთან დაპირისპირება კი “მტრის წისქვილზე ასხამს წყალს”.
„ნებისმიერ სცენარზე, რომელზეც შეთანხმდებოდა ყველა ოპოზიციური აქტორი, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას უფრო მარტივად დავანახებდით და დავარწმუნებდით. თუ პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს სჯერათ ამ გეგმის, ეთანხმებიან ამ გეგმას და მზად არიან, ეს გეგმა განახორციელონ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება უფრო მეტად დაინახავდა ამ გეგმის სისწორეს.
ყველ ადამიანს, მით უფრო, პოლიტიკურ ჯგუფს აქვს იმის უფლება, რომ თავად აირჩიოს თავისი ბრძოლის გზა და პასუხისმგებლობა აიღოს ამ გზის განხორციელებაზე. ჩვენ საერთო მიზანი არის ქვეყანაში რეჟიმის შეცვლა, ამ რეჟიმის შეცვლის გზა ძალიან რთულია. შესაძლოა, სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ხედვა აქვს. მე ვფიქრობ, რომ ერთიანი ფრონტით გამოსვლა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, თუმცაღა ჩვენ მაინც ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას წარმატება უნდა ვუსურვოთ. ჩვენს შორის რაღაც დაპირისპირებაც ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ რაც ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ახლა ჩვენ, ერთმანეთთან დაპირისპირება და მთავარი ფოკუსის დაკარგვაა, რაც “ქართული ოცნების” რეჟიმის დასრულებაა”, – აღნიშნა მეტრეველმა.
კითხვაზე, რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ოპოზიციის ერთიანობა არ შედგა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი მძიმე გარემო პირობები მათთვის მუშაობას ძალიან ართულებს.
“მიზეზი ძალიან ბევრია, “ქართული ოცნებაც” არ იშურებს ძალისხმევას, რომ შექმნას ისეთი გარემო და ყოველდღიურად ახალ ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს, რომ დააბნიოს საზოგადოება, გარკვეული პრობლემები შეუქმნას პარტიებს, ფაქტობრივად, ყველა ლიდერი დაპატიმრებულია. ცდილობენ, რომ მოასუფთაონ ველი და ამ ფონზე, ძალიან რთულია პოლიტიკური პარტიებისთვის ასეთ გარემოში მუშაობა, მაგრამ ის, რასაც აკეთებენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რთულ ვითარებაში უწევთ პოლიტიკოსებს მუშაობა და ვისურვებდი, უფრო მეტად გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები”, – განაცხადა დეა მეტრეველმა.
