დეა მამისეიშვილი: ამათთვის ფიქრი პრობლემაა, კითხვების დასმა თუ დაიწყე – საშიში ხდები, თუ პროტესტი ოდნავ გაბედე – ციხის გზას ადგები

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი:
როდესაც პროტესტის მონაწილეებს შეეხო რეჟიმი, სხვებმა თავი არ შეიწუხეს, აპოლიტიკური ვართო.
შემდეგ, ოპოზიციას შეეხო, მაგრამ რადგან ოპოზიცია, ან ცალკეული ლიდერები არ მოსწონდათ, არც ამაზე შეუწუხებიათ თავი – ზეპარტიულები ვართო.
როცა ჟურნალისტებს და, ზოგადად მედიას დაერივნენ, პირდაპირი მნიშვნელობით ციხეში გამოკეტეს ბიძინას ხელქვეითებმა, ესეც არავის შეხებია და უმრავლესობა დღემდე დადუმებულია.
შემდეგ იყო ხელოვნება და რეპრესიები მსახიობებზე, შემდეგ მუსიკოსებზე და ეს პროცესი გადაიქცა დაუსრულებელ ჯოჯოხეთად.
ყველა სეგმენტს ცალ-ცალკე მიადგნენ და ხვალ უფრო დიდ აზარტშიც შევლენ. და, იცით რატომ? ვიდრე ქუჩაში გამოსულ ხალხს არბევდბენ და ასისხლიანებდნენ, პროტესტის გამო სამსახურებიდან უშვებდნენ, ოჯახის წევრებსა და არასრულწლოვნებს უწიოკებდნენ, სხვებს მაინც არაფერი ეხებოდათ და დუმდნენ.
ამ ,,მე არ მეხებას” კამპანიის პარალელურად, საქმე იქამდე მივიდა – აქციაზე გამოსვლა გვეკრძალება, საუბარს გვიკონტროლებენ, ფეისბუკ სტატუსის გამო მინიმუმ ვჯარიმდებით, მაქსიმუმ – გვიჭერენ, ტროტუარზე ვერ დგახარ, ან თუ დგახარ, არავინ უნდა იეჭვოს რომ ეს პროტესტის ნაწილია, თორემ ესეც პრობლემაა, რომელსაც კანონი არეგულირებს.
ახლა უნივერსიტეტებს დაერივნენ ,,რე
ფორმის” სახელით. ჯერ რა დარჩა განათლების სისტემისგან, ამას შევხედოთ, და ამასაც რომ ანგრევენ, რის პირისპირ ვრჩებით, ძნელი წარმოსადგენი არაა.
ასეა, ვინც ფიქრობდით, რომ ეს თქვენ არ შეგეხებოდათ, აღმოჩნდა რომ დროის ამბავია და, სინამდვილეში, რა სფეროშიც არ უნდა იყო, აუცილებლად მოგწვდებიან. იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი. რეჟიმმა რომ გაძლოს და დიდხანს იკვებოს, მორჩილი მასა სჭირდება და არა საზოგადოება, რომელიც აზროვნებს.
ამათთვის ფიქრი პრობლემაა, კითხვების დასმა თუ დაიწყე – საშიში ხდები, თუ პროტესტი ოდნავ გაბედე – ციხის გზას ადგები. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი საათით, დღით, თვით თუ წლით – მთავარია, რეჟიმი თვლის რომ გტეხავს, გაშინებს, განგრევს.
ამიტომ, ჩვენ, რა სფეროსაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას ყველაფერი გვეხება!