სოციალური ქსელი:
სოხუმის დაცემის დღეს ყაბარდოელმა ბოევიკებმა მინისტრთა საბჭოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ალი მთელ კორპუსს მოედო, მინები ლაწალუწით სკდებოდა. ყველასაგან მოულოდნელად, კვამლისა და ცეცხლის კორიანტელიდან ერთი მოხდენლი ქართველი მებრძოლი გამოვიდა დაბლა დაშვებული ავტომატით. ეტყობოდა, რომ სროლას არ აპირებდა, მაგრამ ხელსაც არ უშვებდა. მეომარი კიბეებზე მშვიდი და აუჩქარებელი ნაბიჯებით ჩამოდიოდა.
ყაბარდოელებმა იარაღის დაგდება უბრძანეს. ქართველს თითქოს არც გაუგონია, კვლავ მშვიდად მიაბიჯებდა მათკენ. ბრძანება გაუმეორეს, ისევ ამაოდ — ქართველმა ავტომატი მხარზე გაიდო და სვლა განაგრძო.
აღფრთოვანებულან ყაბარდოელები, ერთმანეთისთვის უნიშნებიათ, არ ესროლოთო. მაგრამ ერთ აფსუას მაინც მიუშვია ავტომატის ჯერი და ქართველი ჯარისკაცი ჩაუცხრილავს…
და როცა კონფედერატებმა მისი ავტომატი აიღეს, აღმოჩნდა, რომ მასში ერთი ტყვიაც კი არ იდო! გმირმა ქართველმა დამამცირებელ ტყვეობას იარაღით ხელში სიკვდილი ამჯობინა – ლამაზად და გმირულად.




