დაჯი კოვზირიძე შოთა ბერეკაშვილს: ტყუილად შემოგაჩეჩათ ეს “ბუღალტერია” კობახიძემ, უთხარით, რომ არაფერი გამოდის

ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ, კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი გააკრიტიკა და მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მკაცრი შეფასებები გააკეთა.

მისი თქმით, ცდილობს წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე.

„ბატონო შოთა, სულ ტყუილად მიიჩეჩეთ კობახიძის ბუღალტერია, მერწმუნეთ. სულ ტყუილად შემოგაჩეჩათ ეს ბუღალტერია კობახიძემ. ბატონო შოთა, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი არ გამოდის და უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ცდილობს წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე. ხომ ბრძანა კალაძემ, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ 99% არის ჩვენი დამფინანსებელი და ჩვენი მხარდამჭერიო. ახლა რა გინდათ თქვათ, რომ ამ თქვენს მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს, ფასებს დააკლებინებთ? თქვენ დარდობთ მოსახლეობაზე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს დაბალი ფასები? ეს არის სრულიად ტყუილი. გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით, რომ არაფერი გამოდის. ხალხსაც გაუხარდება და თქვენც უფრო მამაცი გამოჩნდებით“, – განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.