თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.
ბაჩო ახალაია განხილვას აღარ დასწრებია, მას შემდეგ, რაც მოსამართლე პროკურატურას დაეთანხმა და საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურატურამ დახურვის ერთ-ერთ არგუმენტად, ამ საქმეში მოწმეთა შორის სუსის თანამშრომლების ყოფნა და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა დაასახელა.
„საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით… საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სუსის წარმოებაშია საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე… ეს საქმე 21 დეკემბერს გამოსაძიებლად გადაეცა კრიმინალურ პოლიციას, ამ საქმეზე დადგენილია კონკრეტულ პირთა, მათ შორის სუსის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია, ისინი გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. მათი ვინაობის გასაჯაროების შემთხვევაში დაზიანდება პერსონალური ინფორმაცია და საგამოძიებო ინტერესები…“ – განაცხადა პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა.
ბაჩო ახალაიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილია. ამ დანაშაულისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
„ბაჩოს პოზიციაა, რომ ბრალი არის უსაფუძვლო და აბსურდული. პირდაპირ რომ გითხრათ, ცინიზმი. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ ბატონ მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს მეგობრობა… არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით მან ჩვენება არ მისცა გამოძიებას“, – თქვა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, გია გოროზიამ.
ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გამომძიებლები ცოლის დაკავებით დაემუქრნენ, თუ „ბურჭულაძის, ზოდელავასა და სხვა მეგობრების წინააღმდეგ“ ჩვენებას არ მისცემდა.
ბაჩო ახალაიას თქმით, სხდომის დახურვის შემთხვევაში, საზოგადოება ვერ ნახავს, რა მტკიცებულებები დევს, საქმეში, რა არგუმენტები აქვს მას თავად და ვერ გაიგებს სუსის იმ თანამშრომლების ვინაობებს, რომლებიც მას „ოჯახით ემუქრებოდნენ“.
„სუსის შენობაში მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ ან სხვა დაკავებულებს ყველას, მანჯგალაძეს, ბურჭულაძეს, ზოდელავას, ყველას ამხელთ ძალადობაში… როცა მეუბნებიან, რომ თქვენს ცოლს დავიჭერთ, 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ ობლად, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს?
…15 წუთი გაქვს, ის მაინც თქვი, რომ შენ არ მონაწილეობდი და იცოდი რასაც აპირებდნენ… დავიჭერთ შენს ცოლს… ამაზე გასაგები პასუხი გავეცი…“ – თქვა ახალაიამ.
მან თავისი მონათხრობი „ტერორიზმს“ შეადარა, ამ საქმის გამომძიებლები კი „ტერორისტებს“.
„აბა, დაფიქრდი ბატონო, შენი შვილი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზეო… ეს არის ტერორისტი, ვინც ამას აკეთებს, მძევლად აიყვანა ჩემი ცოლ-შვილი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მაიძულებდა ჩვენების მიცემას, ეს არის ტერორიზმი… საფლავიდან ამოვთხრი… იმის დახურვა უნდათ, იმ სახელებისა და გვარების, ვინც მე ეს შემომითვალა და მე უარი შევუთვალე“, – ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ „ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს“.
· 26 დეკემბერს, საღამოს ახალაია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სუსის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.
· 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.
სუსის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება“, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, – „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან, – 4 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან მათს დაკავებამდე ჯამში 343-ჯერ შედგა კომუნიკაცია – „სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით“.
ბაჩო ახალაიას ცოლმა „სრული აბსურდი“ უწოდა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამის დასტურად თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩო ახალაიას პირადი მობილური ტელეფონი არ აქვს იდენტიფიცირებული.
„ბაჩო რომ დაიბარეს ხმის ჩანაწერის ნიმუშზე [ოქტომბერში], მე დამირეკეს… მე მაშინ ვუთხარი, მე რატომ მირეკავთ, თუ ბაჩოს იბარებთ-მეთქი? ბაჩოს ტელეფონი არ ვიცითო. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი. სახლში ვინ ვცხოვრობდით, ისიც არ აქვთ დადგენილი“, – ამბობს ახალაიას მეუღლე.
ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის გამართვიდან რამდენიმე დღეში, 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია და მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოჰკითხეს. ახალაია – შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნადარეიშვილი კი – სუსში.
ფორუმი




