„მეგობრებო, 31 დეკემბრიდან “ბუშმალა” გემშვიდობებათ. მადლობა, რომ იყავით ამ თავგადასავლის ნაწილი. 30 დეკემბრის ჩათვლით ძველებურად გიმასპინძლებთ“, – საოჯახო ბიზნესი „ბუშმალა“ რომელიც სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობს, 31 დეკემბრიდან ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ ბიზნესმა სოციალურ ქსელში დაწერა.
BM.GE კომპანიის თანადამფუძნებელს, ნოდარ ტურაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბიზნესის დახურვა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და 4-ჯერ შემცირებულ გაყიდვებს უკავშირდება.
მისივე ცნობით, „ბუშმალა“ არის რიგითი იმ ბიზნესთა შორის, რომლებიც ყოველდღიურად მომხმარებლებს დახურვას ამცნობენ.
„საკმაოდ მზარდი ბიზნესი ვიყავით. დინამიკა შესანიშნავი და გეგმებიც მრავალი გვქონდა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ბოლო 1 თვეში გაყიდვები 4-ჯერ არის შემცირებული. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა გაჩერდა, თუმცა ხარჯები და გადასახადები არ გაჩერდა, ამასთან გაძვირებულია პროდუქციის ღირებულებაც. ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა იქნება მომავალში, გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით.
ბიზნესი 80000 ლარის ინვესტიციით დავიწყეთ, გვაქვს ბანკის სესხი. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვერ გავჩერდებით. ეს აპარატურა ან უნდა გაიყიდოს, ან უნდა გაქირავდეს, რომ ჩვენ ეს სესხი უზრუნველყოთ. ახლა ვეძებთ გზებს. ერთი გამოსავალი არის ის, რომ ვაპირებთ ტექნიკის კონკრეტულ პირზე გაქირავებას, რომელიც ბიზნესის წამოწყებას გეგმავს“,- აცხადებს ტურაშვილი.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი ამ საკითხში არის ის, რომ სამსახურიდან სამი ადამიანის გაშვება უწევთ, რომლებიც ამ დრომდე დასაქმებული ჰყავდათ. ანუ სამი ოჯახი დარჩება შემოსავლის გარეშე.
ინფორმაციისთვის, საოჯახო ბიზნესი „ბუშმალა“ რესტორანია, რომელიც ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარეობს და მომხმარებელს ქართულ, მოდერნიზებულ კერძებს სთავაზობს.