რამზან კადიროვმა „ვარჯიშის“ ვიდეო გამოაქვეყნა – ეს ჩეჩნეთის ლიდერის პირველი ჩანაწერია მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თურქეთში დახრჩობას გადაურჩა
რამზან კადიროვის ოფიციალურ ექაუნთზე სოციალურ ქსელ Vkontakte-ში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჩეჩნეთის მმართველი ველოტრენაჟორზე ვარჯიშობს. ჩანაწერი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს აუდიტორიის დარწმუნებას იმაში, რომ ჩეჩნეთის მეთაური ცოცხალი და ჯანმრთელია.
მედიის ცნობით, გასულ კვირას რამზან კადიროვი თურქეთში ზღვაში ცურვისას კინაღამ დაიხრჩო. კადიროვმა თითქმის ორი თვეა პრაქტიკულად შეწყვიტა საჯარო ღონისძიებებზე გამოჩენა. ჩეჩნეთის მეთაური იშვიათად და ძალიან მცირე დროით (ნახევარ წუთამდე) ჩნდებოდა მთავრობის სავალდებულო სხდომებზეც.
ველოტრენაჟორზე „ამხედრებული“ კადიროვის ვიდეოც ნახევარ წუთს გრძელდება. სად და როდის არის ვიდეო ჩაწერილი, უცნობია. სახელმწიფო სააგენტო „გროზნი-ინფორმის“ ცნობით, ეს არის ჩეჩნეთის მეთაურის „დილის ვარჯიშის“ ჩანაწერი.
„წყვეტის შემდეგ, სრულფასოვან ვარჯიშს თანდათან უნდა დავუბრუნდეთ“, – ამბობს კადიროვი ჩეჩნურ ენაზე გადაღებულ ვიდეოში (თარგმნილია „გროზნი-ინფორმის“ მიერ – რ.თ.). რა სახის წყვეტაზე საუბარი და რას უკავშირდებოდა ის, არ არის დაზუსტებული. VKontakte-ს ზოგიერთმა მომხმარებელმა კომენტარებში ყურადღება მიაქცია იმას, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს ძალიან აქვს დაკლებული წონაში.
რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაცია 2019 წლიდან ჩნდება. 2023 წლის სექტემბერში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის კომაში იმყოფებოდა. 2024 წლის გაზაფხულზე, „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერდა, რომ კადიროვი რამდენიმე წელია „პანკრეასის ნეკროზის“ დიაგნოზით ცხოვრობს. ამ ცნობების ფონზე, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებიც შექმნილია აუდიტორიის დასარწმუნებლად, რომ ის ძველებურად შრომისუნარიანია.
2024 წლის შემოდგომაზე კადიროვმა განაცხადა, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ „კაპიტალურ რემონტს“, ხოლო ექვს თვეში ერთხელ „დიდ რემონტს“ იკეთებს.
2025 წლის ივლისის ბოლოს, თურქული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს დახმარება დასჭირდა, როდესაც ბოდრუმში ზღვაში საცურაოდ შევიდა – სავარაუდოდ, კადიროვი წყალში იხრჩობოდა. მისი საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო. გროზნომ ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა. მოგვიანებით, რამზან კადიროვის ანგარიშზე Vkontakte-ში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ის შვილთან ერთად ჭადრაკს თამაშობდა. მსგავსი ფოტო რუსულმა სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტიმაც“ გამოაქვეყნა. თუმცა როდის და სად არის გადაღებული ფოტო უცნობია. დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს იყო „კონსერვი“ – ანუ წინასწარ გამზადებული ფოტო.
ფორუმი
