“დახვრეტილი ქართველების საფლავები წინასწარ ჰქონდათ გათხრილი” – გიორგი კობერიძე

არსებობდა ასეთი სასჯელი რომის იმპერიაში – ერქვა Damnatio memoriae – სიტყვასიტყვით ხსოვნის დაწყევლა, რაც გამოიხატებოდა ადამიანებისა და მათი საქმეების ყველა წყაროდან ამოშლაში ისე, რომ მათი სახსენებელი და მოსაგონარიც აღარ ყოფილიყო. ასეთი პირის სახელი ყველა წყაროდან, ყველა დოკუმენტიდან, ყველა ნახატიდან და საჯარო ინფორმაციიდან იშლებოდა ხოლმე.
დღეს 28 აგვისტოა, 1924 წლის აჯანყების 100 წლის თავი. აჯანყებისას დაღუპულ გმირებს საბჭოელებმა სიკვდილის გარდა ხსენებაც აკრძალვა ანუ Damnatio memoriae მიუსაჯეს. მათზე აღარავის უნდა ესაუბრა. მოვლენაც დავიწყებას უნდა მისცემოდა. სახელები კი არა, უფრო მოგვიანებით ფოტოებიდანაც შლიდნენ და გლეჯდნენ დახვრეტილების სახეებს საბჭოთა რეპრესიების დროს. მაგრამ სულ ტყუილად, დღეს, 100 წლის თავზე, კვლავ გვახსოვს თავისუფლებისათვის ბრძოლის ასი წლის წინანდელი სურვილი და არც ჩეკისტების მიერ, არგვეთის ხიდთან, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, დახვრეტილი ქართველები დაგვავიწყდება, რომელთა საფლავებიც წინასწარ ჰქონდათ გათხრილი რუსულ ჩეკას და მათ რიგებში მყოფ მოღალატეებს საქართველოში (ქართველებს ვერ ვუწოდებ, ჩეკისტს ნაციონალური იდენტობა დაკარგული ჰქონდა). საბჭოთა რუსული კომუნიზმი ნეგატიური გადარჩევის (ე.წ. ნეგატიური სელექციის) პრინციპზე იდგა – მებრძოლს, ჭკვიანს ხვრეტდნენ, მორჩილსა და კონფორმისტს კი ტოვებდნენ და წინ წამოსწევდნენ, სხვათათვის სამაგალითო მოდელად წარსადგენად. ამის შედეგებს დღემდე ვიმკით.
საბჭოთა დან ეს მეთოდები გავრცელდა ჩინეთშიც, ხოლო კამბოჯაში სტალინითა და მაოთი შთაგონებულმა წითელმა ქმერებმა რამდენიმე სათვალიანი მოქალაქეც სამაგალითოდ დახვრიტეს – ნაკითხი და განათლებული იქნება, შესაბამისად მისგან მორჩილ და ახალ ადამიანს ვერ შევქმნითო. რა გასაკვირია, იდეა ახალი, კონფორმისტი, ნაციონალური და ცივილიზაციური იდენტობის არმქონე ადამიანის შესახებ სწორედ ადრეულ საბჭოეთში ეტრფოდნენ, რასაც ათასობით გმირის სიცოცხლე შეეწირა. მაგრამ რადგან ჩვენ გვახსოვს ესე იგი მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს