„დაწყებულია წარმოება სამართლებრივი შედეგების დადგომისთვის“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ხიდაშელის კომპანიაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დავით ხიდაშელის კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მიღებული ლიცენზიით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ შეასრულა, რის გამოც:
„13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიანტისგან“.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართვის თანახმად, „არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად“.
თავად ხიდაშელმა დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ყიდის ლიცენზიასა და მის მფლობელ კომპანიას. ინფორმაციას ნეტგაზეთთან თავად ბიზნესმენი ადასტურებს.
ხიდაშელი მუქარად აფასებდა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ლიცენზიის გადახედვა განიხილება. კომპანიაში აცხადებენ, რომ საქმე არა მათი მხრიდან პირობების შეუსრულებლობაში, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებშია.
მოძრაობა “რიონის ხეობის გადასარჩენად” და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიანი ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მთავარი საფუძველი მოსახლეობისთვის გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებაა. დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ლიცენზიით გადაცემული ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს ლიცენზია, როგორც ყველაზე ბოლოს გაცემული 15-მდე მსგავს ლიცენზიას შორის, ვალდებულებებით ყველაზე მეტად არის დატვირთული. ფინანსურად მეტ ინვესტიციას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პოტენციალის მეტ განვითარებას, ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველების გამრავლებას და სხვა პირობებს გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის