სუპერლიგის მე-7 ტური პარასკევს, ბათუმში დაიწყო და კვირას, გურჯაანში დასრულდება. აჭარაში სათამაშოდ სუპერლიგის დებიუტანტი “რაში” ჩავიდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ბესიკ ლეჟავას, სანდრო ნოზაძისა და სანდრო ნიკურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმში დიდი ბრძოლა გადაიტანა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წამს, მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა და უპირატესობა ბოლომდე, კბილებით შეინარჩუნა – 82:80 (სტატისტიკა).
რაშმა პირველ ტურში რუსთავს რომ მოუგო, შემდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო და აუტსაიდერებში ჩაეწერა. ბათუმში წაგება ლეჟავას გუნდისთვის განგაშის ზარის ტოლფასი იქნებოდა და ალბათ ამიტომაც იყო, თითოეულმა კალათბურთელმა ბოლომდე, თავდაუზოგავად
რომ იბრძოლა.
თავის მხრივ, ამბიციებიდან გამომდინარე, ბათუმიც მხოლოდ მოსაგებად იყო შემართული. ბუბა ბერიშვილისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა სუპერლიგა ხმაურიანი, გურჯაანში მოპოვებული გამარჯვებით დაიწყეს და შინ, დებიუტანტთან მატჩში მხოლოდ მოგებას გეგმავდა.ამასთან, აჭარლებს მიმდინარე სუპერლიგაში 5 მატჩში 2 მარცხი ჰქონდათ და მესამე წაგება მათ ცხრილის ქვედა ნახევარში მიუჩენდა ბინას.
ასეც მოხდა, ბათუმმა საკუთარ მოედანზე 2 ქულით წააგო, თამაშის მანძილზე კი მაქსიმუმ 12-ით აგებდა. პირველი პერიოდი თბილისურმა გუნდმა 25:20 მოიგო, რაც ბათუმელთათვის საკმარისი საფუძველი გახდა, გამოცოცხლებულიყვნენ და მეორე ათწუთეულში თამაში გათანაბრდა. მასპინძლებმა პერიოდი 20:16 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური ჩამორჩენით გავიდნენ.
მესამე პერიოდში ისევ რაშის ჯერი დადგა. სტუმრებს ბურჯად ერიკ ფრედერიკი ჰყავდათ. მძიმე ფორვარდი საკუთარი წონითა და ძალით მეურვეებს ჩაგრავდა და ქულას ქულაზე იხვეჭდა. შედეგად რაშმა მეოთხედი მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 8 ქულით დაწინაურდა. სანდრო სანაძის მორიგი ორქულიანით რაში ბოლო პერიოდის დასაწყისში 10 ქულით გალიდერდა, რითაც გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.
ბათუმელებმა შეძლეს გათანაბრება – 3 წუთის მანძილზე ოთარ ბულიავასა და ლუკა კალატოზიშვილის სამქულიანებს დეივ რობიმ ორიანი, შემდეგ კი 2 საჯარიმო მოაყოლა, ბათუმმა 10:0 გაქცევა მოაწყო, რითაც ანგარიში გაათანაბრა – 70:70 დასრულებამდე 5 წუთით ადრე. აქედან ბოლო წამებამდე თანაბარი, რომ იტყვიან, ქულა-ქულაში ბრძოლა გაჩაღდა. გავიდოდა წინ რაში – ბათუმი ათანაბრებდა.
აიწონა-დაიწონა ბოლო წამებამდე გაგრძელდა. შეხვედრის გმირი გახდა ფრედერიკი, რომელმაც ჯერ დასრულებამდე 20 წამით ადრე რაში 80:78 დააწინაურა, ხოლო როცა რევაზ როგავამ სირენამდე 6.7 წამით ადრე ისევ გაათანაბრა, წუთშესვენების შემდეგ ფრედერიკმა ისე იჩაუქა. მან პასი პერიმეტრის 45-გრადუსიანი კუთხისკენ მიიღო, ძალისმიერ თამაშში მეურვე მისივე ფარისკენ მიაჩოჩა და კალათთან მიახლოებულმა ბრუნში გამარჯვების ბურთი ჩააგდო. დარჩენილ წამნახევარში ბათუმელებმა სროლა მოასწრეს, მაგრამ ცენტრიდან აბა როგორ ჩააგდებდნენ.
რაშის მოგების შემოქმედმა ერიკ ფრედერიკმა შეხვედრა 23 ქულით, 9 მოხსნით, 5 პასით, 2 ჩაჭრით და 2 დაფარებით დაასრულა. 15-15 ქულა მიითვალეს ლევან მასხულიამ და სანდრო სანაძემ. 9-9 ქულა ვახტანგ გაფრინდაშვილმა და ბრადენ ოლსენმა. ბათუმში 20 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო შედეგი ოთარ ბულიავას ჰქონდა. 16 ქულა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზეა.
სუპერლიგის VII ტურის 3 მატჩი შაბათს, 25 ნოემბერს, თბილისი არენაზე გაიმართება.
GBF