დაძაბულობა ჰამასის ლიდერებს შორის, რაც ახლო აღმოსავლეთის მომავალს განსაზღვრავს

მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა დისკურსია ღაზის სექტორის მომავლის და -ჰამასის ომის დასრულების შესახებ, ჰამასის ლიდერებს შორის დაძაბულობა გაიზარდა, რადგან გადაწყვეტილება ღაზის სამომავლო ადმინისტრირების შესახებ მათი ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთი ნაწილია. ჰამასის ლიდერებიდან ღაზის სექტორში ამჟამად არცერთი იმყოფება იაჰია ალ-სინვარის გარდა, დანარჩენი მნიშვნელოვანი ფიგურები ძირითადად აფრიკაში, კატარში, ლიბანში ან თურქეთში იმყოფებიან და საზღვარგარეთიდან არიან ჩართული ღაზის ტერიტორიაზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
იაჰია ალ-სინვარი ჰამასის მთავარ ფიგურად ითვლება და ამჟამადაც ღაზის სექტორში რჩება. როგორც ცნობილია, ჰამასის მაღალ იერარქიაში არსებობს სამხედრო მეთაურების ვიწრო წრე, რომლებიც ალ-სინვარის ერთგულები რჩებიან. ალ-სინვარი ისრაელის წინააღმდეგ ომის გაგრძელების მომხრეა. მას სჯერა, რომ ჰამასს შეუძლია ისრაელის საპასუხო ნაბიჯებს გაუძლოს ისე, რომ გადარჩეს და ბოლომდე არ განადგურდეს. ჰამასის სხვა ლიდერები აქცენტებს ომის შემდგომ პერიოდზე აკეთებენ და ცდილობენ მოამზადონ სასურველი საფუძველი ღაზის ისეთი მოწყობისთვის, რაც მათ ძალაუფლებას შეუნარჩუნებს.
2007 წელს ჰამასი წინა პალესტინურ მმართველობას გამოეყვნენ და ღაზის სექტორში ტერიტორიებზე ძალაუფლება საზღვარგარეთ მყოფი ლიდერების პოლიტიკური წონის გამო შეინარჩუნეს. მაშინ ჰამასი ძირითადად დამასკოდან იმართებოდა. ამ პერიოდში ყველაზე დიდი ძალაუფლება სწორედ საზღვარგარეთ მყოფი ლიდერების ხელში იყო, რადგან ისინი ფინანსებსა და ბიუჯეტს აკონტროლებდნენ და იყვნენ ჰამასის წარმომადგენლები ირანთან და ჰეზბოლასთან ურთიერთობაში. ამ დროს უშუალოდ ღაზის სექტორში მყოფი ლიდერების ფუნქცია ძირითადად ყოველდღიური სამეთაურო გადაწყვეტილებების მიღება და სიტუაციის კონტროლი იყო.
2008 წელს ღაზის პოლიტბიუროში ადგილები დაიკავეს ჰამასის წევრებმა, რომელთაც კავშირები ჰქონდათ იზ ალ-დინ ალ-კასამის ბრიგადებთან. 2009 წლისთვის უკვე საკმაოდ ცხადი გახდა ჰამასის სხვადასხვა ფლანგს შორის განსხვავებები და ურთიერთსაპირისპირო პოზიციების არსებობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც კი, როგორიცაა მაგალითად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელება ისრაელთან, რომელთანაც ომი ახალი დასრულებული იყო. 2008 წლიდან იაჰია ალ-სინვარი ისრაელის ციხეში იმყოფებოდა, სადაც ჰამასის წევრ პატიმრებს შორის დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. 2009 წელს ისრაელში ჰამასის პატიმარმა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს დაჯგუფების საბჭოს არჩევნებში, სადაც პრეზიდენტად ალ-სინვარი აირჩიეს.
კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც დაახლოებით 2010 წელს აქტიურად ცდილობდა ჰამასის პოლიტიკური ვექტორის შეცვლას ხალედ მაშალი იყო. მისი მიზანი იყო ჰამასის დაახლოება სუნიტურ არაბულ რეჟიმებთან და ამით ირანზე დამოკიდებულების შემცირება. ამას სინვარი და მისი გუნდი ეწინააღმდეგებოდნენ და საბოლოოდ ჰამასი იმაზე უფრო მეტად დაუახლოვდა შიიტურ ირანს, ვიდრე ოდესმე. 2011 წელს ისრაელმა ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში დაპატიმრებული იაჰია ალ-სინვარი გაათავისუფლა და ამით საფუძველი დაუდო მის პოლიტიკურ აღზევებას ღაზის სექტორში.
2017 წლის თებერვალში იაჰია ალ-სინვარი ჰამასის პოლიტბიუროს უფროსად აირჩიეს. ამ პერიოდში ჰამასის სხვა ლიდერებმა – ისმაილ ჰანიამ და მისმა მოადგილემ სალეჰ არ-არურიმ დიდი როლი ითამაშეს ჰამასის ძალაუფლების ცენტრის ღაზის სექტორში გადატანაში. ამის მიუხედავად, შემდგომ წლებში სინვარის მმართველობის სტილის გამო ისმაილ ჰანია მას ჩამოშორდა და კატარში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ჰანიას დიდი პოლიტიკური ძალაუფლება ჰქონდა, სინვარის ძალაუფლება უშუალოდ ღაზის სექტორში ფრონტის ხაზზე არსებულ კავშირებზე იყო დამყარებული.
2017 წლიდან 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმამდე იაჰია ალ-სინვარი პოზიციონირებდა, როგორც პრაგმატისტი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ალ-სინვარი ელოდებოდა სწორ დროს ისრაელზე მასშტაბური თავდასხმის მოულოდნელად განსახორციელებლად. სავარაუდოა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა იაჰია ალ-სინვარის მიერ იყო ორგანიზებული და თავდასხმის ზუსტი დროის და დეტალების შესახებ ინფორმაცია ისმაილ ჰანიას და სხვა ლიდერებს არ ჰქონიათ. მკვლევრების აზრით, ისრაელზე თავდასხმის ზუსტი დროის შესახებ გადაწყვეტილებები 7 ოქტომბრამდე უკანასკნელ დღეებში რამდენჯერმე შეიცვალა და ამის გადაწყვეტაში ღაზის სექტორის გარეთ მყოფ ლიდერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გავრცელებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმა სინვარსა და მის უახლოეს გარემოცვას შორის, მის ძმას მოჰამედსა და ჰამასის სამხედრო მეთაურ მარვინ ისას შორის დაიგეგმა. ხოლო ისრაელზე თავდასხმის წერტილების, დროის და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ბრიგადებმა და ბატალიონებმა თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყვეს.
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ჰამასის გარეთ მყოფი ლიდერები ზარალის კონტროლსა და სიტუაციის მართვის სადავეების დაბრუნებას ცდილობდნენ. უფრო კონკრეტულად, ისინი აკრიტიკებდნენ სინვარს ომამდე ირანის და ჰეზბოლას მესიჯების უგულვებელყოფაში და მათთან მოლაპარაკებებების არასწორად გაგებაში.
2023 წლის დეკემბერში ჰამასის საზღვარგარეთ მყოფი ლიდერები – ისმაილ ჰანია, არური და ხალილ-ალ ჰაია შეხვდნენ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციებს და ყოფილი პალესტინის ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაციის, იგივე ფატას, წარმომადგენლებს. მათი შეხვედრების მთავარი თემა ომის შემდეგ ღაზის ბედი და იქ ჰამასის როლი იყო. როგორც ცნობილია, იაჰაია ალ-სინვარმა ისმაილ ჰანიას პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ შეჩერება მოსთხოვა. სინვარის თქმით, არანაირი საუბარი ომის შემდგომ ღაზაზე არ დაიწყება იქამდე, სანამ არ შედგება შეთახმება ცეცხლის გრძელვადიანად შეწყვეტის შესახებ.
სინვარის მოთხოვნების მიუხედავად, 13 დეკემბერს სატელევიზიო მიმართვისას ისმაილ ჰანიამ გამოთქვა მზაობა დიალოგისთვის და გაერთიანებული პალესტინური მმართველობის ჩამოყალიბებისთვის. მის მსგავსად, ჰამასის მაღალი თანამდებობის პირმა მუსა აბუ მარზუკმა Al-Monitor-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასთან (PLO) გაერთიანებას და უშვებს ისრაელის სახელმწიფოს აღიარებასაც კი.
“უნდა მიჰყვე ოფიციალურ პოზიციას. ოფიციალური პოზიციაა, რომ PLO-მ ცნო ისრაელის სახელმწიფო” – თქვა მარზუკმა, თუმცა ეს სიტყვები მალევე უკან წაიღო მას შემდეგ, რაც მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ასევე მოუწოდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერებს გააღრმავონ მოლაპარაკებები ისმაილ ჰანიასთან ამ ორი ორგანიზაციის პოლიტიკის შეთანხმებასა და მოკავშირეობაზე.
სანამ იაჰია ალ-სინვარი ღაზაში პოზიციებს ინარჩუნებს, ყველა მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, მისი თანხმობა დაჭირდება. თითოეული მოლაპარაკება ღაზის ომისშემდგომი მომავლის ან ისრაელთან ტყვეების გაცვლის შეთანხმების შესახებ მოიცავს ჰამასის ლიდერებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის შრეს, რაც საბოლოოდ, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ პროცესებს აყალიბებს.