დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში – ხამენეი ამბობს, რომ ირანი უკან არ დაიხევს

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ ირანი და რეგიონში მისი წარმომადგენლები უკან არ დაიხევენ. ეს განცხადება აიათოლამ ს მიერ ბეირუთზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა. თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ თეირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლას” მოკლული გენერალური მდივნის მემკვიდრის განადგურება იყო.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრწყინვალე ქმედება რამდენიმე ღამის წინ იყო სრულიად ლეგალური და ლეგიტიმური“, – თქვა ხამენეიმ. ეს ხამენეის იშვიათ გამოსვლებს შორის ერთ-ერთი იყო და მან განცხადება პარასკევის ლოცვების შემდეგ გააკეთა.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, თქვა, რომ ისრაელის საპასუხო თავდასხმა, შესაძლოა მოიცავდეს ირანის ნავთობის ობიექტებს.
ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეში, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლას” დასაყრდენ ადგილას, იერიშები 3 ოქტომბერს განახლდა, შუაღამისას მას შემდეგ, რაც ისრაელმა მოსახლეობას უბრძანა დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ზოგიერთ რაიონში. ამის შეახებ ინფორმაციას თავად მოსახლეობა და უსაფრთხოების წყაროები ავრცელებენ.
საჰაერო თავდასხმები მიზნად ისახავდა “ჰეზბოლას” ერთ-ერთ წევრის ჰაშემ საფიედინის განეიტრალებას. ის “ჰეზბოლას” მოკლული ლიდერის ჰასან ნასრალას მემკვიდრეა, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა “აქსიოსის” რეპორტიორმა ბარაკ რავიდმა X-ზე გაავრცელა. ინფორმაციას ჟურნალისტი ისრაელის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, საფიედინის ბედი უცნობია.
ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე. საფიედინის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია “ჰეზბოლასაც”. თეირანში ხამენეის გამოსვლას დაესწრო მისი ძმა სეიედ აბდალა საფიედინი, რომელიც “ჰეზბოლას” წარმომადგენელია ირანში.
პარასკევს გამთენიისას ძლიერმა აფეთქებების ხმა გაისმა ბეირუთის მთავარი აეროპორტის მიმდებარედ. ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ, მისი აზრით, ახლო აღმოსავლეთში „ყოვლისმომცველი ომი“ არ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და სხვა მოკავშირეები ითხოვენ დაუყონებლივ 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას ისრაელ-ლიბანის კონფლიქტში, ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა ისრაელთან ერთად განიხილავს თეირანის თავდასხმაზე პასუხის გაცემის ვარიატებს. ბაიდენის თქმით, ეს შესაძლოა მოიცავდეს ირანის ნავთობობიექტებზე თავდასხმასაც.
მისმა კომენტარმა ხელი შეუწყო ნავთობის გლობალური ფასების ზრდას.
თუმცა, ბაიდენმა დასძინა: ”დღეს არაფერი მოხდება”. მოგვიანებით კითხვაზე, მოუწოდებდა თუ არა ის ისრაელს, არ შეუტიოს ირანის ნავთობის ობიექტებს, ბაიდენმა თქვა, რომ საჯაროდ მოლაპარაკებას არ აპირებს.