მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა თავი დაიზღვია და რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა. ფასების ინდექსის კუთხით 2024 წელი, წინა წლების მსგავსად, პოზიტიურად სრულდება, თუმცა დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მომავალი გაურკვეველია და შესაძლოა, დაბალი ინფლაციის შენარჩუნება გაჭირდეს.
2024 წელს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ინფლაცია არასოდეს 2%-ს არ გასცილებია და სებ-ის მიერ დადგენილ მიზნობრივ 3%-ს არც კი მიახლოებია. ახლა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაა, საინტერესოა, რამდენამ მოახერხებს ეროვნული ბანკის დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას. როგორც სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, ეს პროცესი გაჭირდება.
“ინფლაციის შენარჩუნება, ჩემი აზრით, ცოტა რთული იქნება, მით უმეტეს უცხოური ვალუტების კურსი შეიცვალა. ერთი დოლარი თუ 2.68 ლარი ღირდა, ახლა ღირს 2.80 ლარი, რამაც უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია უკვე გააძვირდა და მომავალში კიდევ გააძვირებს, რაც ინფლაციაზე თავის ასახვას ჰპოვებს. სხვა, შიდა მიზეზიც მოახდენს გავლენას, იგივე, ეკონომიკური არასტაბილურობა, მაღალი რისკი, და ა.შ. რეაქცია ჯაჭვურია, ამიტომ რთული იქნება ახლანდელი ინფლაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლის შენრჩუნება”, – ამბობს მომცელიძე.
საქართველში 2024 წელს არაერთხელ ყოფილა პოლიტიკური დაძაბულობა და არეულობა, მაგრამ სებ-მა მიმდინარე წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა რამდენჯერმე შეარბილა, რაც დიდწილად წლის პირველ ნახევარში მოხდა. უკვე მეხუთე სხდომაა, რაც სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე ტოვებს. საბოლოო ჯამში, მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკა 9%-დან 8%-მდე შემცირდა.
ეროვნული ბანკი ერთწლიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე შემცირებასაც განიხილავს, მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა. გივი მომცელიძის შეფასებით, ეს განცხადება ვიღაცების დასაწყარებლად გაკეთდა.
“რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვეს და ეროვნული ბანკის განცხადება, რომ სამომავლოდ 7%-ზე ჩამოიყვანენ, არის მოტყუება და იმის ჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა. რადგან ამბობენ, რომ მომავალში 7%-ზე დაწევენ რეფინანსირების განაკვეთს, სიტყვაზე, ეს ვიღაცამ უცხოელმა, ვინც არ არის ჩახედული დღევანდელ სიტუაციაში, იფიქროს, რომ თუ რამდენიმე თვეში მონეტარული პოლიტიკა 1%-ით შერბილდება, მაშინ საქართველო სტაბილიზაციისკენ მიდის. მე კი არ მგონია, რომ საშუალოვადიან პერიოდში სტაბილიზაციას მივაღწიოთ.
ეკონომიკურ თემაზე პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთის 7%-ზე ჩამოყვანის განცხადება, ბლეფი მგონია. ეს გაკეთდა ვიღაცების დასანახად და დასაწყნარებლად, შეიძლება გარე ბიზნეს აქტორებისთვისაც და შიგნით ხელისუფლებასთან შეზრდილ მსხვილი ბიზნესისთვისაც”, – ამბობს მომცემლიძე.
დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2%-ს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება.
ინფლაციური მაჩვენებლის მკვეთრად გაუარესებას არ მოელის ეკონომისტი ბაჩო ჯინჭარაძე. მას ამ ეტაპზე არ აქვს დრამატული პროგნოზი.
“საერთოდ, რთული პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობისას გარკვეული ეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ასე თუ ისე, ჭირს, რადგან პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენ გვყავს ინფლაციაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ორგანო, ეროვნული ბანკი. სებ-ს მართებს იმ სწორი პოლიტიკის გატარება და მონეტარუული ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც მის მანდატშია. შესაბამისად, გარკვეული ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ინფლაციაზე შეუძლია, თუმცა არსებობს სხვა მრავალი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ფასების ზრდა განაპირობოს, რისი შეკავების კუთხითაც ეროვნულ ბანკს ბერკეტი არ გააჩნია ხოლმე. თუნდაც ნავთობის ფასის მიმართულებით, ან იმპორტირებული სურსათის და ა.შ.
ამ ეტაპზე, რაიმე დრამატულ პროგნოზს არ გავაკეთებ, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება, “ფასები გაგვექცეს”. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ვითარება ვერ დასტაბილურდება, ეროვნული ბანკი კი მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდება (მაგალითად, სებ-მა თუ ვერ გაატარა ინფლაციის მოსათოკად შესაბამისი პოლიტიკა), მაშინ გაჭირდება დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება.
არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველი არ მაქვს, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი სცენარის წინაშე შეიძლება უახლოეს მომავალში დავდგეთ”, – აცხადებს ბაჩო ჯინჭარაძე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1.11% იქნება. მათივე ცნობით, 190 ქვეყანას შორის საქართველოზე უფრო დაბალი ინფლაცია მხოლოდ 12 ქვეყანაში არის მოსალოდნელი.
წყარო: რეზონანსი