„დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. ამჟამად სამუშაოები ექვს რეგიონში მიმდინარეობს“, – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი
საქართველო, მისი უნიკალური ლანდშაფტისა და ეკოლოგიური მრავალფეროვნების გამო, დიდ შესაძლებლობას იძლევა ახალი დაცული ტერიტორიების დაარსების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 25 ტერიტორიული ადმინისტრაცია. დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 927 748 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 13,3%-ია.
„დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. ამჟამად სამუშაოები ექვს რეგიონში მიმდინარეობს: რაჭაში, გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და კახეთში. შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 220 000 ჰა-ით გაიზრდება და დაახლოებით 1 150 000 ჰა-ს მიაღწევს, რაც საქართველოს ტერიტორიის 16.4%-ია“, – აღნიშნა თამარ ხახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების დაარსებამ და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას – 2025 წელს, 9 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს




