“დაჩეხილ სხეულს ტანსაცმელი რომ გახადეს, ჯიბეში “ლოვეს ნაკლეიკები” ედო… ასეთი ბავშვის საქმე შეკერეს”

“დაჩეხილ სხეულს ტანსაცმელი რომ გახადეს, ჯიბეში “ლოვეს ნაკლეიკები” ედო.
კარტოფილს შეწვავდა, დათლა არ უნდა გეთხოვა, დანის ეშინოდა.
სათამაშოები უყვარდა. დიდი, ფუმფულა სათამაშოები.
ემიგრანტი დედისთვის სულ ერთი პასუხი ჰქონდა: – არაფერი მინდა, შენი ჩამოსვლის გარდა.
იმ წელს ბაკურიანში მიდიოდნენ მისი მეგობრები და დედამ უთხრა, ფულს გამოგიგზავნი და შენც წადიო. ვერაფრით ათქმევინა რამდენი უნდოდა, რამდენის საშუალებაც გექნებაო, პასუხობდა.
მერე მეგობრებში გაქცეულა, იცით, დედა ფულს მიგზავნის და მეც მოვდივარო.
შეყვარებული იყო. რომ უქებდნენ კარგი გოგოაო, უხაროდა.
მაშინ, როცა ვიღაცეების შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის ოქმები ჰქონდათ დაწერილი, დათუნა სარალიძეზე ერთი ოქმიც არ აქვს სკოლას, არც ჰქონია.
ასეთი ბავშვის საქმე შეკერეს.
მერე ცილი დასწამეს და ტალახი ესროლეს მკვდარს.
შარვალი რომ გაუხსნეს, ბარძაყის ჭრილობის სანახავად, ცოცხალი იყო, ისე საწყლად ამომხედა, მივხვდი, რცხვენოდა, რომ შარვალი ჩავუწიეო, – მიყვებოდა მასწავლებელი, რომელმაც, მერე, კითხვა რომ დავსვი, სკოლა რატომ ჩუმდებოდა, როცა ამდენი ტალახი ესროლეს, – გამლანძღა.
საქმეში დევს ჩვენება ბავშვების – მასწავლებელმა გაგვაჩერა, მაქეთ არ წახვიდეთ, სახიფათოა, მანდ ჩხუბია და სხვა გზით წადითო.
და ეს მასწავლებელი, ვინც იცოდა ჩხუბზე, ხიფათზე, სახლში წავიდა.
ერთი ზარიც კი არა 112-ში, ან სკოლაში…
სადილი გაუცხელა თავის შვილს, თუ ქმარს…
ისადილა…
ყავაც დალია, ალბათ…
და მას მერე, ყოველ დღე სადილობს, ალბათ, როგორც არსება, ვისთვისაც ცხოვრება ჭამა და ჭამაა.
როგორც ყველა ის არსება, ვისთვისაც სხვისი ჭირი ღობის ჩხირიც აღარაა.
როგორც ყველა, ვისთვისაც დანაშაულიც შერჩევითია და სამართალიც,” – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა.
შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს, შუადღისას, 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოკლეს.