მაჰაჩყალის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილ სამ პირს პატიმრობა მიუსაჯა. ისინი “კონტრტერორისტული ოპერაციის” ფარგლებში 31 მარტს მაჰაჩყალასა და კასპიისკში დააკავეს.
მთლიანობაში, სავარაუდო ტერორიზმში მონაწილეობისთვის დაღესტანში დაკავებულია 5 პირი. პოლიცია მათ ვინაობას არ ამხელს, მედიისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ორი მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა, კიდევ ერთი – ტაჯიკური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქე.
გამოძიების ვერსით, ეჭვმიტანილები შეუერთდნენ “ჯგუფს, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულია”, უკანონოდ შეიძინეს, გადაიტანეს და შეინახეს იარაღი და საბრძოლო მასალა. სამი ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საქმე მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო ორი მათგანის საქმეში ტერორიზმში ბრალდების გარდა, იარაღით უკანონო ვაჭრობის მუხლიც ფიგურირებს.
მანამდე, რუსეთის უშიშროების (FSB) მიერ გავრცელებულ ვიდეოში ორმა ეჭვმიტანილმა ადვოკატის დაუსწრებლად აღიარა, რომ ისინი კასპიისკში “სანაპიროს აფეთქებას” გეგმავდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის მონაწილეებისთვის განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი მაჰაჩყალიდან მოსკოვის მახლობლად მდებარე მიტიშჩიში ჩაიტანა.
სააგენტო „ტასის“ თანახმად, დაღესტანში დაკავებულები ამჟამად ეჭვმიტანილნი არიან ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და იარაღის უკანონო ვაჭრობაში; ამასთანავე, მათ წინააღმდეგ კონკრეტული ტერაქტების მომზადებასთან ან მათში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ არაფერია ცნობილი.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 144 ადამიანი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი დაუკავშიროს უკრაინას და „კიევის რეჟიმის“ მხარდამჭერ დასავლეთს, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს. ისინი მოსკოვის მცდელობას პროპაგანდას და სისულელეს უწოდებენ.