დაღესტანში ეძებენ შერეული ორთაბრძოლების, Fight Nights-ის მებრძოლის, მაგომედ მუტაევის მკვლელს

დაღესტნის პოლიცია ეძებს სოფელ კორკმასკალის 18 წლის მკვიდრს, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნების (Fight Nights-ი) ლიგის მებრძოლის, მაგომედ მუტაევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მუტაევი მაჰაჩყალაში, საკუთარ სახლთან, ორი დღის წინ მოკლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. სააგენტო „რია ნოვოსტის“ თანახმად, ეს არ არის მებრძოლზე თავდასხმის პირველი მცდელობა.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, მკვლელი ვარჯიშიდან დაბრუნებულ მუტაევს საცხოვრებელ სახლთან დახვდა და სადარბაზოსთან რამდენჯერმე ესროლა. თავდამსხმელი მიმალა, მუტაევი კი მიღებული ჭრილობებისგან გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სახელია ნადირხან კადირხანოვი. მომხდარის ერთ-ერთი ვერსიად განიხილება შურისძიების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობაა. ტელეგრამის არხ MashaGor-ის თანახმად, ადრე თითქოს მუტაევმა და მისმა მეგობრებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი მწვანე საღებავი შეასხეს კადირხანოვს.
დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის რესპუბლიკურმა დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა: მკვლელობა და იარაღით უკანონო ვაჭრობა.
21 წლის მაგომედ მუტაევი UFC-ის ყოფილი მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის სკოლაში ვარჯიშობდა. მუტაევმა ბოლო ბრძოლა ნოემბერში გამართა, შემდეგი კი 23 თებერვალს იყო დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით