სინათლეში, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად 10 მილიარდი წელიწადი იარა, ასტრონომებმა გამოავლინეს ენერგიის ყველაზე ძლიერი და ყველაზე შორეული ელვარება შავ ხვრელებთან ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის — ამოფრქვევა, რომელიც პიკში 10 ტრილიონი მზის ძალით ბრწყინავდა.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ამ კოლოსალური მოვლენის მიზეზი სავარაუდოდ იყო შორეულ გალაქტიკაში მდებარე მზეზე 500-ჯერ მასიური სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც მასთან ზედმეტად ახლოს მისულ ვარსკვლავს სანსლავდა. შავ ხვრელთა ასეთ „ნადიმს“ მოქცევითი დაფლეთის მოვლენას (TDE) უწოდებენ.
„ამ ობიექტზე დაფიქსირებული ენერგიები ძლიერ შორეული და ძლიერ კაშკაშაა. ის ჩვენ მიერ ნანახ არცერთ სხვა აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს (AGN) არ ჰგავს“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი მეთიუ გრაჰამი.
მოვლენა 2018 წელს დააფიქსირეს, როცა შავი ხვრელი, სახელწოდებით J2245+3743 უცაბედად და დრამატულად, ჩვეულებრივ მდგომარეობაზე 40-ჯერ მეტად აელვარდა სულ რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში; პიკის დროს 30-ჯერ უფრო კაშკაშა იყო, ვიდრე მის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი აქტიური გალაქტიკური ბირთვი, მეტსახელად „საზარელი ბარბი“.
მას შემდეგ, რაც პიკს მიაღწია, J2245+3743 თანდათან ჩაქრა, მაგრამ მაინც არ დაბრუნებია თავდაპირველ მაჩვენებელს.
იმ დროისთვის, როცა მკვლევრებმა პუბლიკაცია გამოაქვეყნეს, 2025 წლის მარტში, გამოყოფილი ენერგიის რაოდენობა დაახლოებით 1054 ერგი იყო — რაც მზის მთელი მასის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებად გარდაქმნის ეკვივალენტია.
მოქცევითი დაფლეთის მოვლენების გარდა, არსებობს რამდენიმე სხვადასხვა კოსმოსური მოვლენა, რომლებსაც სინათლის უცაბედი ანთება შეუძლია, რომლებიც შემდეგ ნელ-ნელა ქრებიან.
ყველა დროის ყველაზე კაშკაშა მოვლენა (BOAT — Brightest of All Time) — რეკორდი, რომელიც ჯერ მოხსნილი არ არის, წარმოადგენდა გამა-გამოსხივების ანთებას, რომელიც გამოწვეული იყო სუპერნოვას აფეთქებითა და ამის შედეგად შავი ხვრელის დაბადებით. ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახებით გამოწვეული აფეთქება (კილონოვა) ასევე ნელ-ნელა ქრება. აქტიური გალაქტიკური ბირთვები შეიძლება ციმციმებდეს და სიკაშკაშეს იცვლიდნენ შავ ხვრელში ჩამავალი მატერიის ნაკადის ცვლილებების გამო.
თითოეული ეს მოვლენა გარკვეული გზით ვითარდება. J2245+3743-ის სინათლის ცვლილების ანალიზის შემდეგ, გრაჰამმა და მისმა კოლეგებმა განსაზღვრეს, რომ მისი პროფილი საუკეთესოდ ემთხვევა მოქცევითი დაფლეთის მოვლენას, რომელშიც მზეზე დაახლოებით 30-ჯერ მასიური ვარსკვლავი შავ ხვრელს ზედმეტად მიუახლოვდა. მას შავი ხვრელის გარშემო მოქმედი ძლიერი მოქცევითი ძალების დაფლეთდა, გაკეთდებოდა მატერიის მასიური დისკო, რომელიც შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს და თანდათან მასში ჩაედინება.
„ასეთი მასიური ვარსკვლავები იშვიათია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ აქტიურ გალაქტიკურ დისკოში მოქცეული ვარსკვლავები უფრო დიდები იზრდებიან. დისკოს მატერია ვარსკვლავებზე იღვრება, რაც მათი მასის ზრდას განაპირობებს“, — ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასტრონომი საავიკ ფორდი.
დაშლილ ვარსკვლავს შავი ხვრელი თანდათან შთანთქავს; ის ჯერ კიდევ იმაზე ორჯერ კაშკაშაა, ვიდრე ანთებამდე იყო. ასტრონომთა აზრით, შავი ხვრელი სიკაშკაშის თავდაპირველ მაჩვენებელს მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ვარსკვლავის ყოველი ნარჩენი მის მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა გადავა.
აქ ერთი გამაოგნებელი ფაქტია — მიუხედავად იმისა, რომ J2245+3743 თავდაპირველ მდგომარეობაზე კაშკაშა ჩვენი პერსპექტივიდან ექვსი წლის განმავლობაში დარჩა, რეალური მოვლენა, სავარაუდოდ, გაცილებით მოკლე დროში მოხდა. მკვლევრები მას შენელებულ კადრად უყურებენ, იმის გამო, რომ სამყაროს გაფართოება დროს ამახინჯებს.
ვრცლად პირველ არხზე




