ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.
ამის შესახებ საერთაშორისი ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ“, – აცხადებს Amnesty International
Amnesty International-ის შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები დრაკონულია. როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი აცხადებს, საქართველოში ახლახან მიღებული დრაკონული კანონმდებლობა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოყენებას და ადამიანის უფლებების რეპრესიების შემაშფოთებელ ესკალაციას წარმოადგენს.
„კანონები ფაქტობრივად პროტესტის სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი ახდენს, როგორიცაა სტიკერების გაკვრა საჯარო დაწესებულებებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დევნისათვის“, – აცხადებს დენის კრივოშეევი.
Amnesty International-ის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოში 2024 წლის 30 დეკემბერს შევიდა ძალაში, დამატებით თვითნებურ შეზღუდვებს აწესებს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე.
„11-12 იანვარს თბილისსა და ბათუმში 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, დააკავეს აქციებზე, რომლებიც მანამდე დაკავებული პროევროპელი დემონსტრანტების სოლიდარობის ნიშნად გაიმართა.
დაკავებულებს შორის იყვნენ აქტივისტები ციალა ქათამიძე და მათე ცენტრაძე, რომლებიც ბათუმში ახლახან მიღებული კანონით დააკავეს, რომელიც კრძალავს საჯარო შენობებზე საპროტესტო სტიკერების განთავსებას.
მედიაგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ორჯერ დააკავეს. მზია თავდაპირველად დააკავეს ადმინისტრაციული „დანაშაულისთვის“ საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო, ხოლო შემდეგ ხელახლა დააკავეს როგორც სისხლის სამართლით ეჭვმიტანილი.
უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ დეკემბერში დაკავების დროს აწამეს, ასევე ხელახლა დააკავეს 11 იანვარს და მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.“, – აცხადებს Amnesty International.
ამასთან, Amnesty International ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის დეკემბერში წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევისა და პოლიციის სისასტიკის შესახებ ასობით ცნობის მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცავი ან ნიღბიანი ძალადობრივი ჯგუფის წევრი არ არის გამოვლენილი ან პასუხისგებაში მიცემული.
„სასამართლოები რეგულარულად ანიჭებენ უპირატესობას პოლიციის ჩვენებებს ვიდეომტკიცებულებებთან და მოწმეთა ჩვენებასთან შედარებით, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აგრძელებს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ დაუსჯელობას.
Amnesty მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები, უზრუნველყოს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის და უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.
საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს სოლიდარულად, რათა უზრუნველყოს, რომ მთავრობამ შეასრულოს თავისი ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვაზე“, – აცხადებს Amnesty International.