საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობენ და ეწინააღმდეგებიან თეა წულუკიანის პოლიტიკას. საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი მიმართვას, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ხელს 430 ადამიანი აწერს.
მეცნიერები, ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ კულტურის მინისტრმა ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და უსამართლობისთვის დაუყოვნებლივ აგოს პასუხი.
“ჩვენ, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები, მეცნიერები, ხელოვანები, პედაგოგები, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანები და საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები, ვგმობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მინისტრ წულუკიანის რეპრესიულ, მიზანმიმართულად დამანგრეველ, ანტიეროვნულ, ანტისოციალურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკას, რომელსაც ეწირება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, საერო, რელიგიური და პრეისტორიული არქეოლოგიური და ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა, მუზეუმები, სამეცნიერო დაწესებულებები, თეატრები, კინო, ოპერა, შემოქმედებითი სივრცეები, მწერლობა, ხელოვნება და ადამიანები. მინისტრის მხრიდან სისტემატურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შრომითი კოდექსი და რადიკალურად იზღუდება კულტურის სფეროს სპეციალისტთა პროფესიული საქმიანობა. ადგილი აქვს ადამიანების შევიწროებისა და მათზე ზეწოლის ფაქტებს. მოვითხოვთ, მინისტრმა დაუყოვნებლივ აგოს პასუხი ჩადენილი არაერთი კანონდარღვევისა და
უსამართლობისთვის, როგორიცაა: გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის
მდგომარეობის დამძიმება, შრომის კოდექსის დარღვევა, კულტურის სფეროში დასაქმებული
ადამიანების შეურაცხყოფა, მათ მიმართ ცილისწამება, ასეულობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება და სხვა მრავალი. ასევე მოვითხოვთ, კულტურის სფეროს ინსტიტუტებს მიენიჭოს პროფესიული ავტონომია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და საგამოფენო პროექტების განხორციელება, კანონის შესაბამისად გაიცეს არქეოლოგიური გათხრების ნებართვები, შეწყდეს რეპრესიები და სრულად აღდგეს კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებები,” – ვკითხულობთ მიმართვაში.