ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრის შემდეგ ეუთოს წევრი 39 სახელმწიფო ევროპაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც საუბრობს.
„საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებულად გამოყენების შესახებ ცნობების გამოძიების ნაკლებობა აჩვენებს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის“, – წერია საერთო განცხადებაში.
5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები ქმნის საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობის საფრთხეს“.
ხელმომწერი ქვეყნები არიან ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და დანია.
· დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის გამოც დასავლეთის ქვეყნებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს.
· ევროპის მომხრეთა მიტინგებზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მუშტებს, წიხლებს – ხშირად თავში; სცემდნენ მათ ქუჩაში, ძირს დაგდებულებს თუ დაჭერის შემდეგ, დაკავების მანქანებში.
· დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე უხეში ფიზიკური ძალადობის გამო არცერთი ძალოვანი არ დასჯილა. პოლიციასთან დაპირისპირების, დაუმორჩილებლობის გამო თუ ჯგუფური ძალადობის ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილე – ადვოკატებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ცრუ მოწმეების ნაამბობის საფუძველზე.
ფორუმი




