„დაუვიწყარი ემოციები მივიღე. ეს იყო მარწყვი ტორტზე… მეც მიყვარხარო რომ მითხრა, მახსოვს, გული ამიჩუყდა“ – ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში გატარებულ თვე-ნახევარზე

„დაუვიწყარი ემოციები მივიღე. ეს იყო მარწყვი ტორტზე… მეც მიყვარხარო რომ მითხრა, მახსოვს, გული ამიჩუყდა“ – ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში გატარებულ თვე-ნახევარზე
ნოდიკო ტატიშვილმა ამერიკაში თვე ნახევარი დაჰყო. ორი კონცერტი ჰქონდა – ფილადელფიასა და ნიუ-იორკში. ისეა დამუხტული, კარგა ხანს რომ გაჰყვება. ჯერ იყო და, ჩვენმა ემიგრანტებმა გადასცეს ზღვა ემოცია და სითბო. შემდეგ ჯონ ლეჯენდისა და გლეიდის ნაითის კონცერტებზე მოხვდა და გაბედნიერდა. მოკლედ, ერთი კვირაა სამშობლოშია და აქაურ ქაოსს აღარ დაეძებს, ისევ, ამერიკული ღიმილით დადის.
მომღერალი “პრაიმტაიმთან” ამერიკულ თვენახევარზე ჰყვება.
ნოდიკო ტატიშვილი: ფილადელფიაში, ვერსალის კულტურის ცენტრში, ნანიკო კორახაშვილის ორგანიზებით ჩატარდა ჩემი კონცერტი. არასდროს დამავიწყდება, საოცარი საზოგადოება მოვიდა. ბედნიერები იყვნენ, ოვაციებში. მოდიან, ჩვენი ქვეყნის მონატრებას გამოხატავენ და მათთვის იქ ჩასული ქართველი, სამშობლოსთან ჩახუტებაა. ეს კიდე, გრანდიოზულ ემოციებს შობს.
ასეთივე გამოვიდა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ნიუ-იორკში. მაკა ზაბახიძემ ათი დღით ადრე გაუკეთა კონცერტს ორგანიზება და არაჩვეულებრივი მსმენელი მოვიდა. მათი ალალი ემოციები არასდროს დამავიწყდება. სიყვარულს ვერავის დააძალებ. ამიტომ ადამიანების მიერ გამოხატული ამდენი სითბო და სიყვარული, ჩემთვის უდიდესი ჯილდო და ღვთისგან ნაბოძები სიკეთეა.
ჩემმა კონცერტებმა ხომ დიდებულად ჩაიარა და მე თვითონ გახლდით ჩემი ორი უსაყვარლესი მუსიკოსის – ჯონ ლეჯენდისა და გლეიდის ნაითის კონცერტებზე გახლდით.
ლეჯენდი საოცარი არტისტია. ბეიკონ თეატრში მის კონცერტს ერქვა “ჯონ ლეჯენდის ისტორიები და სიმღერები”. მაგარი ბენდი ჰყავს და ვიფიქრე, ბექვოლისტებსაც მოვუსმენ, სხვა ჟღერადობით-მეთქი. მოვკალათდი პარტერში და ვხედავ, რომ სცენაზე მხოლოდ როიალი დგას. დაიწყო ბიოგრაფიის მოყოლა; რომ რელიგიური ოჯახიდან არის, ეკლესიის გუნდში რომ მღეროდნენ. მოჰყვა მის გზაზე გადაკვეთილ მუსიკოსებზე, მათ შორის, სტივ ვანდერზე. მოკლედ, დღემდე როგორ მოვიდა. ამ მონათხრობში დავინახე, რომ ამერიკა არის ქვეყანა, სადაც მართლა სასწაულები შეიძლება მოხდეს.
საქართველოში გამოფრენის წინა დღეს კი, გლეიდის ნაითის კონცერტისგან დაუვიწყარი ემოციები მივიღე. ეს იყო მარწყვი ტორტზე. პირველ რიგში ვიჯექი და მახსოვს, რომ გული ამიჩუყდა. ორ-სამ მეტრში ვიყავი გლეიდისგან და თვალებში ვუყურებდი. კოცნები ვუგზავნეთ ერთმანეთს და “აი ლავ იუ-მეთქი” და “აი ლავ იუ თუო” რომ მითხრა, გადავირიე. ლეგენდაა. არენბის და სოულის რენესანსის ვარსკვლავია.
79 წლის გლეიდისი ისეთ ფორმაშია, როგორც ფიზიკურად ისე ვოკალურად, აი, საოცარში. ეს ემოციები დიდ ხანს გამყვება…
ნიუ-იორკში კლიპი გადავიღე ლევან ყანდიაშვილის სიმღერაზე. ოპერატორია ზურა ქირიაა, რომელიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს და იქაურ ფროდაქშენებთან თანამშრომლობს. მადლობელი ვარ, რომ დრო დამითმო და ჩემს კლიპზე სამი დღე იმუშავა. ძალიან მაგარი ოპერატორია. ისეთი კადრები გადამიღო, მხოლოდ ფილმებში რომ მინახავს…
ლევანს ტიკ ტოკზე ედო მისამღერი. წავაშლევინე, ეს სიმღერა მე მინდა-მეთქი. იდეები მივაწოდე, ტექსტი დაწერა და ლამაზი სიმღერა გამოვიდა. როგორც “მე ვოცნებობდი” გაჰიტდა, მგონია, ამ სიმღერასაც ასევე აიტაცებენ.
ამ ვიდეორგოლის რეჟისორია ნესტან სინჯიკაშვილი. ის დაამონტაჟებს. კლიპის პრეზენტაცია თებერვალს გვექნება…
ნიუ ჯერსში მეგობრებთან – გეგასთან და კატოსთან ვცხოვრობდი. მანჰეტენის ალიაქოთისგან ნახევარი საათის სავალ გზაზე, სიმშვიდეში. ჩემი ნათლული, ათი წლის ლაზარე ნერვებისმომშლელად მაგარ ინგლისურს ფლობს. მადლობა ამ უსაყვარლეს ოჯახს. რომ არა ეს ოჯახი, ჩემთვის სტრესული იქნებოდა ამერიკაში თვე-ნახევარი ცხოვრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მაწვნის ნიღაბს გასწავლით“ – სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს
„შეუსრულებელი 21 და 18 ბედნიერებით სავსე, ყველაზე უსამართლოდ და არასწორად დასრულებული წელი“ – ნათია ზურასთან ქორწინებაზე
„90-იანების ჩაბნელებული დიღმის, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული…“ – უცნობი ისტორია კაც-სიკეთეზე