ჩეხეთში შაბათი, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც პრაღის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა 14 ადამიანი მოკლა და 25 დაჭრა. საქართველოს საელჩო პრაღაში ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად, არ დაშავებულან საქართველოს მოქალაქეები, ამოქმედებულია 24-საათიანი ცხელი ხაზი: +420 777 222 053.
ქართველი სტუდენტი, რომელიც კარლის უნივერსიტეტში სწავლობს ყვება, რომ ლექციები მომდევნო კვირის შუა რიცხვებამდე გაუქმებულია. მათივე თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს ჰქონდა “ტელეგრამ არხი”, სადაც რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ აპირებდა უნივერსიტეტში შეჭრას.
“მე ვიყავი გამოცდაზე სხვა შენობაში და ვბრუნდებოდი სახლში, სახლში როცა მოვედი მობილურში დამხვდა მესიჯები, რომ მეძებდნენ მე, ჩემი კურსელები, ოჯახის წევრები და მეგობრები და ეძებდნენ ჩემ ერთ კურსელს, რომელიც არ ჩანდა. კარლის უნივერსიტეტმა გააუქმა ყველა ლექცია ამ კვირაში და შემდეგი კვირის დასაწყისში. მკვლელთან დაკავშირებით რაც ვიცით, დადასტურებული ინფორმაცია, არის ის რომ 24 წლის კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი, ისტორიის ფაკულტეტის. არდადასტურებული ინფორმაციით, რაც მუსირებს აქაც, არის ის, რომ ჰქონდა თავისი ტელეგრამ არხი, მეც ვნახე ეს ტელეგრამ არხი, მაგრამ ავთენტურობაზე თავს ვერ დავდებ, ამ არხში არის ინფორმაცია გუშინ წინ დაწერილი, რომ აპირებდა ამის მოწყობას. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცოლი, რომელიც აეროპორტში მუშაობს, არის შეიარაღებული და მას ეძებს პოლიცია და ამიტომაა ასეთი გამკაცრებული ზომები ქალაქში”, – ამბობს ქართველი სტუდენტი.
ალექსანდრე მენაბდე კი “მთავარ არხთან” ყვება, რომ ათასობით ჩეხური კრონა შეგროვდა მსხვერპლთა ოჯახებისთვის, დღეს საღამოს იმართება შეკრება უნივერსიტეტთან, სადაც, სავარაუდოდ, მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.