მას შემდეგ, რაც დაფიონის გვერდზე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ლაივში, სტუდენტებმა, რომლებიც თსუ-ში ღამეს ათევენ, თქვეს რომ დაცვის ერთი თანამშრომელი ყარდა ალკოჰოლის სუნით, თსუ-ს დაცვის უფროსი, თანამშრომლებთან ერთად, სტუდენტებთან მივიდა, საუბრობდა ხმამაღლა, იქნევდა ხელებს და ჰქონდა ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები.
გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, დაცვის უფროსი, თავდაპირველად ითხოვს, რომ ყველანი ერთად წავიდნენ და ჩააბარონ ანალიზი სიმთვრალეზე, რადგან ამბობს, რომ მისი არც ერთი თანამშრომელი არაა ნასვამი. სტუდენტები დასთანხმდნენ, ოღონდ, იმ პირობით, რომ არსად წავიდოდნენ და ადგილზე გამოიძახებდნენ სამედიცინო ბრიგადას, რომელიც ანალიზისთვის მასალას ადგილზე აიღებდა. დაცვამ ამაზე უარი განაცხადა. სტუდენტებმა შესთავაზეს ენახათ, რომ ნამდვილად არ აქვთ ალკოჰოლი – დაცვამ ამაზეც უარი განაცხადა.
მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა თქვეს, რომ ანალიზს ადგილზე ჩაიტარებენ და გარეთ არ გავლენ, არ დატოვებენ შენობას, დაცვის უფროსი უკვე კიდევ უფრო ხმამაღალი ტონით ამბობს, რომ უნდა დატოვონ შენობა, რადგან “კედლებს არ სცემენ პატივს და უნდათ იქაურობის დალეწვა”. დაცვის უფროსი ამტკიცებს, რომ თითქოს არსებობს რისკი, დალეწონ, მაგალითად კარებები.
დაცვის უფროსი სტუდენტების კითხვების პასუხად, აღიარებს, რომ არაფერია ამ დროისთვის დალეწილი.
სტუდენტების კითხვას, რატომ თვლის რომ რამეს დალეწავენ, დაცვის უფროსი პასუხობს, რომ უკვე ჰქონდათ მცდელობა. კითხვას, თუ მცდელობა ჰქონდათ, რატომ არაა დალეწილი, პასუხობს, რომ ვერ მოერივნენ და ვერ დალეწეს. კითხვას, თუ ჰქონდათ დალეწვის მცდელობა და ვერ დალეწეს, რატომ თვლის, რომ საფრთხე რეალურია – არ პასუხობს. კითხვას, როგორ შეიძლება ზემოთაწეული ხელებით კარების დალეწვა – არ პასუხობს. სტუდენტები ეუბნებიან, რომ ვიდეოები აქვთ, სადაც ნათლად ჩანს, არაფრის დალეწვას აპირებდნენ. დაცვის უფროსი ამბობს, რომ მასაც აქვს ვიდეო, თუმცა, ის მას სტუდენტებისთვის არ უჩვენებია.
დაცვის უფროსი ამბობს, რომ სტუდენტები გამოცვივდნენ, ახალგაზრდები პასუხობენ, რომ ასე არ იყო და თავად დაუძახა.სტუდენტებს. დაცვის უფროსი ჯერ უარზეა, შემდეგ ცვლის ნათქვამს და ამბობს, რომ კი, დაუძახა სალაპარაკოდ და ისინი “გამოცვივდნენ”. უცნობია, რას იტყოდა დაცვის უფროსი, რომ დაეძახა სტუდენტებისთვის გამოდითო და არ გასულიყვნენ.
დაცვის უფროსი ამ ვიდეოში არ საუბრობს პირზე, რომელსაც ნახევრადბნელ დერეფნებში დაედევნენ სტუდენტები, რომელსაც არ ეცვა ფორმა დაცვის, რომელზედაც სტუდენტები ამბობდნენ, რომ პროვოკაციისთვის შეაგზავნეს და რომელიც დაცვამ თავად გაიყვანა.
დაცვის უფროსი ვიდეოში ყვირის, რომ უნდა დატოვონ შენობა და სანამ ისინი, სტუდენტები შენობაში იქნებიან, ვერ დაიცავს შენობას.
დღეს უნივერსიტეტში 24 სტუდენტია. სტუდენტების თქმით, ყველა სტუდენტზე ვინც უნივერსიტეტში რჩებოდა, წინასწარ მიაწოდეს დაცვას და უნივერსიტეტს ინფორმაცია. რატომ იყო ამის საჭიროება და რატომ ითხოვდა უნივერსიტეტი ამას, ამაზე არ საუბრობენ. ახალგაზრდების თქმით, მათ უთხრეს, რომ 24 სტუდენტი უნივერსიტეტში “ვერ დაეტევა”, თუმცა, ისინი მოთავსდნენ ერთ აუდიტორიაში. დაცვა მათგან ითხოვდა, დერეფანშიც არ გამოსულიყვნენ და იმ ერთი აუდიტორიიდან ფეხი არ გაედგათ.
როგორ ახერხებს დაცვის სამსახური უნივერსიტეტის დაცვას ათასობით სტუდენტ-ლექტორის პირობებში – უცნობია, მაშინ, როცა თავად ამბობს, რომ უნივერსიტეტის შენობას ვერ დაიცავს, თუ იქ 24 სტუდენტი იქნება.
უცნობია რატომ ითხოვს უნივერსიტეტის დაცვა იმ სტუდენტების პირად მონაცებს, რომლებიც უნივერსიტეტში პროტესტის გამოსახატად რჩებიან.
უცნობია, რატომ უკრძალავენ სტუდენტებს აუდიტორიის დატოვებას და რატომ გადაწყვიტეს, მათთვის, ვინც რეჟიმს აპროტესტებს, “ყაზარმა” მოაწყონ, ან როგორ იფიქრეს, რომ ამ პირობებს დასთანხმდებიან.
როგორც ჩანს, უნივერსიტეტის პირობა იყო, რომ სტუდენტები, რომლებიც ღამე დარჩებოდნენ, გათენებამდე, 9 საათამდე გარეთ ვერ გავიდოდნენ. სწორედ, ეს შეახსენეს დაცვის უფროსს სტუდენტებმა. საოცარია, მაგრამ დაცვის უფროსი, რომელმაც, ასევე უცნობია, რატომ გადაწყვიტა, რომელი სტუდენტი როდის უნდა გამოვიდეს შენობიდან, მოულოდნელად, მართლაც წყვეტს უნივერსიტეტის დატოვების მოთხოვნას და ამბობს, რომ დილის 9 საათზე დაბრუნდება.
დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელი სტუდენტებს ეუბნება: “ეს ტახტების ქნევა რა არის, ვერ შეიგენით, ძმაო, თქვენ…”. სტუდენტების კითხვას, რას გულისხმობდა ტაქტის ქნევაში, დაცვის თანამშრომელი არ პასუხობს. შესაძლოა, რამე ანდაზაა, აფოროზმი, – ესეც უცნობია.
ერთი რამ ფაქტია, ძმაო, ამ შემთხვევაში, მხოლოდ მიმართვის ფორმაა, კი, უცნაური, მაგრამ მაინც მხოლოდ მიმართვის ფორმა, რადგან ძმებს ღამით შენობიდან არ ყრიან.