დატვირთულობით 20%-საც ვერ ვცდებით, ჯავშნები ყოველდღე უქმდება – Wyndham Grand Tbilisi

თბილისში მდებარე სასტუმროების ნაწილში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ტურისტული ჯავშნები აქტიურად უქმდება.
ჯავშნების გაუქმება ყველაზე აქტიურად დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროებში ფიქსირდება. როგორც BMG-ის გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში განუცხადეს, დეკემბრის პერიოდში მათი დატვირთულობა დაახლოებით 20%-ია, რაც გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია.
„გასულ წლებში ამ პერიოდში მინიმუმ 68% გვქონდა ხოლმე დატვირთულობა, წელს კი, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს, საშუალო თვიური დატვირთულობით 20%-საც ვერ ვცდებით. შედარებით მეტი სტუმრის რაოდენობა ახალი წლის დღეებში გვყავს, ვიდრე დეკემბრის სხვა პერიოდში. წინ კიდევ რამდენიმე დღეა და არ ვიცით, რა გაუქმებებს მივიღებთ. აქ ინდივიდუალურ ჯავშნებზეა საუბარი, ჯგუფი დეკემბერში საერთოდ არ გვყოლია. ინდივიდუალურ ჯავშნებს 24 საათით აქვს გაუქმების უფლება და ნებისმიერ წუთს შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს და ჯავშნები გაუქმდეს”, – განაცხადა Wyndham Grand Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა, მედეა მ.
მისივე თქმით, დეკემბერი-იანვრის პერიოდზე ყოველდღიურად უქმდება ჯავშნები, რის მიზეზადაც ძირითადად მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ.
“ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ვცდილობდით, რომ უკუკავშირი გვქონდეს და მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ ძირითად, რის გამოც თავს იკავებენ საქართველოში ჩამოსვლისგან. თუ ჩამოდიან, თბილისის ცენტრში განთავსებისგან თავს იკავებენ“, – განაცხადა მედეა კობახიძემ.