თბილისის ცენტრში მოქმედი ბრენდული Hillton Garden Inn Tbilisi Chavchavadze დღეისთვის 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორი ეკო კალანდარიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, „დატვირთულობა არასახარბიელოა“.
მისი ინფორმაციით, ქვეყანასა და დედაქალაქში ნოემბრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სასტუმროს დატვირთულობა შეამცირა, თუმცა თებერვალ-მარტში მდგომარეობა მცირედ გამოსწორდა. ეკო კალანდარშვილი იმასაც ამბობს, რომ პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
„ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია. ძირითადად ინდოელი სტუმრები გვყავს, ასევე ჩინეთიდან არიან ვიზიტორები. MICE ტურიზმი შეჩერებულია. არ ვიცი რა დროით და როდის გამოსწორდება სიტუაცია. დატვირთულობის მხრივაც ვერ ვიტყვით რომ სახარბიელო მდგომარეობაა, დაახლოებით 40%-მდე გვაქვს.
თებერვალ – მარტი მცირედით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა როგორ შეიცვლება ვითარება ამის განსაზღვრა გვიჭირს. იანვარ-თებერვალი უფრო მძიმე იყო“, – განმარტა ეკო კალანდარიშვილმა.
BM.GE-ის კითხვაზე, რომელიც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ STR Global-ის მონაცემებს შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა გასულ წელს გაზრდილია, Hillton Garden Inn Tbilisi Chavchavadze-ს გაყიდვების დირექტორი არ იზიარებს და ამბობს: „ვერ ვიტყოდი, რომ ბრენდული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი გაზრდილია, რადგან მკვეთრი ცვლილება ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ ამ კვლევას ვერ დავეთანხმები. შეიძლება სხვადასხვა სასტუმროში განსხვავებული მდგომარეობაა, თუმცა ქალაქში ზოგადი ფონი რაც არის ყველაფერი ჩვენზე აისახება. აქედან გამომდინარე მოლოდინებზეც ვერ ვსაუბრობთ“.
სასტუმროს გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ დაბალი დატვირთვის პირობებში ფასების შემცირებაც მოუწიათ.
„ეს ყველაფერი ფასებზეც აისახება და ფასები მცირდება, თან როდესაც ტურისტების რაოდენობა შემცირებულია და კონკურენციაც დიდია. შესაბამისად, განთავსების ღირებულებამ 10-15%-ით შევამცირეთ, რაც ჯგუფურ ჯავშნებზე დიდი თანხაა. როდესაც 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები ერთი და იგივე ფასს სთავაზობს სტუმრებს ეს ძალიან დიდი პრობლემაა და გამოწვეულია ტურისტების მცირე რაოდენობით.
ამ ეტაპზე ჯავშნები არის, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც მშვიდ პერიოდში გვაქვს ხოლმე“, – აღნიშნა ეკო კალანდარიშვილმა.
