გიორგი უშიკიშვილის შატო-მარანი 15 მაისს 4 თვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა.
როგორც ობიექტის დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბარში განმარტავს, ობიექტის დროებით დახურვის მიზეზი, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება და მასთან ერთად გაუქმებული ჯავშნები გახდა.
„გავიხსენით იმიტომ, რომ სასტუმროს დიდხანს გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის, თანაც დარჩენილი კადრების გადინებაც რომ არ მოხდეს. სპეციალისტების პოვნა რეგიონში ძალიან ჭირს, ამიტომ საჭიროა მინიმუმის შენარჩუნება“, – აცხადებს უშიკიშვილი.
მისი თქმით, შატო-მარანის დატვირთვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ით არის შემცირებული. გაუქმებულია როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული ჯავშნები, განსაკუთრებით – ევროპელი ტურისტების მხრიდან, რომლებიც წარსულში ობიექტის ძირითადი დამსვენებლები იყვნენ.
„სააგენტოები, რომლებიც ევროპიდან სტუმრებს გვიგზავნიდნენ, ერთსა და იმავე შინაარსის წერილებს გვწერენ, რომ ვითარების გამო ჯავშნები გაუქმდა. აღმოსავლეთ ევროპის ტურისტებიც თითქმის აღარ გვყავს, შარშან ზაფხულშიც ძალიან შემცირებული იყო ეს ნაკადი, წელს კი ფაქტობრივად აღარ ჩანან“, – ამბობს უშიკიშვილი.
მისივე განმარტებით, გალფის ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტები ძირითადად ლუქს ტიპის ნომრებს ან ისეთ ნომრებს ითხოვენ, სადაც სამზარეულოა ინტეგრირებული. ეს მოთხოვნები კი მათი სასტუმროს შესაძლებლობებს აღემატება.
„გალფის ქვეყნებიდან რეგიონს ვინც სტუმრობდა, მათ უფრო ძვირად ღირებული, ლუქს ტიპის ნომრები, ან ისეთი ტიპის განთავსების სივრცე სურდათ, სადაც სამზარეულო იქნებოდა ინტეგრირებული. ჩვენთან კი ასეთი ინფრასტრუქტურა არ არის. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც აზიური ბაზრიდან ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ არც ეს ვიზიტი შედგა“, – თქვა მან.
ტურისტული ობიექტის დაბალი დატვირთვის ფონზე, დაწესებულებას ფინანსური სირთულეებიც აქვს. გიორგი უშიკიშვილის თქმით, შატო-მარანი ბანკებისგან დახმარებასაც ვერ იღებს, რადგან ბოლო 4 თვის განმავლობაში შემოსავლები თითქმის არ ჰქონდა: „ახლა ბანკებიც ვერ გვეხმარებიან. მცირე სესხის აღებაც კი შეუძლებელი გახდა. სექტორში განწყობა მთლიანად პესიმისტურია. ასეთ პირობებში კი, გაფართოებაზე საუბარიც ზედმეტია, მთავარი მიზანია, რაც გვაქვს, ის შევინარჩუნოთ და მომსახურება არ დავაკლოთ სტუმარს”, – აცხადებს გიორგი უშიკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ შატო-მარანში შაბათს სტანდარტულ ნომერში განთავსება, საუზმით 220 ლარი ღირს, ხოლო კვირიდან პარასკევის ჩათვლით ფასები 130-140 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, წინასწარი ჯავშნების გარეშე ობიექტი სტუმრების მიღებას ვეღარ ახერხებს.
“მარაგების შევსების სერიოზული პრობლემა გვაქვს, მალფუჭებადი პროდუქტი წინასწარ ვერ მოგვაქვს. ამიტომ, მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილ სტუმრებს ვიღებთ”, – ამბობს გიორგი უშიკიშვილი.
