დასრულდა უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება სტამბოლში

სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია დოლმაბაჰჩეში დასრულდა მოლაპარაკება უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის. შეხვედრამ ორ საათზე ნაკლებ ხანს გასტანა.
ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შესახებ ადგილზე მყოფმა მედიამ და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა განაცხადა, რომ შეხვედრა „დაპაუზდა“ და ისევ გაგრძელდებოდა, თუმცა შემდეგ თავად ამ სააგენტოს წყარომ დაადასტურა, რომ დელეგაციები დაიშალნენ და მზადდებოდა განცხადებები პრესისათვის.
უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას – პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.
Sky News-ს უკრაინელმა წყარომ უთხრა, რომ რუსულმა მხარემ არარეალისტური მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის უკრაინული ჯარების მიერ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის დატოვება.
CNN-ს ასევე უკრაინულმა წყარომ უთხრა, რომ რუსეთის დელეგაციას „არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი“. „ისინი მზად არ არიან, ომის დასასრულებლად რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვიტონ“, – თქვა მან.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა პირისპირ მოლაპარაკება პირველად ჩაატარეს 2022 წლის მარტის შემდეგ. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე სტამბოლში დაიწყო მხარეთა მოლაპარაკება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკება გუშინ, 15 მაისს, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არ შედგა. პრეზიდენტი მოითხოვდა თურქეთში პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. პუტინი თურქეთში არ ჩავიდა.
15 მაისს ზელენსკიმ ანკარაში გამართა მოლაპარაკება თურქეთის პრეზიდენტ ერდოანთან და დღის ბოლოს თურქეთი დატოვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა