იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ნაპოლი” ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს და ოთხეულისთვის ბრძოლა განაგრძოს. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას გუნდი საკუთარ “მარადონაზე” ბევრ ქულას კარგავს, ამის შეცვლა კი “ვერონასთან” შეუძლიათ – კვირას, 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე.
ნეაპოლელებს ვერონელებთან ზედიზედ სამი საშინაო ფრე აქვთ. ამაზე დიდი (4) ფრეების სერია მათ მხოლოდ “იუვენტუსთან” ჰქონიათ – 1982 წლის იანვრიდან 1985 წლის მაისამდე. “ნაპოლიმ” “ვერონასთან” ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, გაიტანა საშუალოდ 2.1 გოლი (სულ 27) და 6 შეხვედრაში არ გაუშვია. სტუმრებმა ნეაპოლში ბოლოს
1982 წლის 2 იანვარს, პიერო ფანას დუბლით მოიგეს.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მატჩი სწორედ უახლოეს მეტოქესთან ჰქონდა – 21 ოქტომბერს დუბლი შეუსრულა. მაშინ “კვარას” მიერ გოლის ახლებურად აღნიშვნას გულშემატკივრებში უკმაყოფილება მოჰყვა. აქვე ჩვენებურის მონაგარს შეგახსენებთ – 5 გოლი, 3 საგოლე პასი, წინა ტური კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
საინტერესოა, აფრიკის თასზე, ოსიმენთან დაპირისპირებისას, მერვედფინალიდან გამოვარდნილი ანგისა გუნდს თუ დაეხმარება. გასულ მატჩში ჩემპიონთა რიგებში დენდოკერისა და ნგონჟის დებიუტი ვნახეთ. ვნახოთ, ახლა მათ რამდენი დრო მიეცემათ. მაცოკი ალბათ კვლავ სათადარიგოთა სკამზე იქნება. ტრაორე ტრავმირებულია, ისევე როგორც მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა.
სამმცველიან ტაქტიკაში ისევ ოსტიგორი უნდა ვნახოთ, კაპიტანი დი ლორენცო კი მთელ ფლანგს დაიკავებს; ზელინსკი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, ცოტა დროს იღებს; საინტერესოა, ფორვარდად ვის ვიხილავთ; განახლებულ ტაქტიკაში კვარაცხელიასთვის მაქსიმალურად დიდი თავისუფლების მინიჭებას ვისურვებთ. მას ვერონელებთან გატანა გამოსდის, ეს გასულ სეზონშიც მოახერხა.
შეხვედრას ნაკლებად ცნობილი არბიტრი, 40 წლის მარკო პიჩინინი განსჯის, რომელიც ნეაპოლელთა მატჩში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, რაც თვალს აქტიურად ვადევნებთ, პირველად იქნება.